თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროვნული სასახლის გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, ალაბამას უნივერსიტეტის მუსიკოსები და ცნობილი პიანისტი ედიშერ სავიცკი. კონცერტს მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა.
შესრულდა დავით თორაძის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, ასევე პიოტრ ჩაიკოვსკის სიმფონია №5, თხზ. 64, მი მინორი. ფესტივალის ფარგლებში გამართული დასკვნითი საღამო ნანი ბრეგვაძის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
საქართველოს კულტურის სამინისტროს, ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერითა და „თორაძის ფონდის“ ორგანიზებით გამართული ფესტივალის პროგრამა სხვადასხვა ჟანრის კონცერტებს, მასტერკლასებს, წიგნისა და აუდიოჩანაწერის წარდგენებს აერთიანებდა.
კომპოზიტორ დავით თორაძისა და პიანისტისა და პედაგოგის, ალექსანდრე (ლექსო) თორაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს მეოთხედ გაიმართა.