ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება ავიაკომპანია „პეგასუსმა“ დაიწყო

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თურქულ ავიაკომპანია Pegasus-თან ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დღეიდან კვირაში სამჯერ განხორციელდება.

Pegasus-მა პირველი რეისი სტამბოლიდან Boeing 737-ით შეასრულა და ქუთაისში 142 მგზავრი ჩამოიყვანა.

პირველ რეისს აეროპორტში ტრადიციული წყლის ჭავლით, ე.წ. Water Salute-ით მიესალმნენ, პირველ მგზავრებს კი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.