აჭარის ხელოვნების მუზეუმში, 21 ივნისს 17:00 საათზე, საერთაშორისო გამოფენების ფარგლებში, საფრანგეთში მცხოვრები ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრის ასმარ ნარიმანბეკოვას ნამუშევრების გამოფენა – „ფერთა სიმფონია“ გაიხსნა.
ასმარ ნარიმანბეკოვა არის აზერბაიჯანის დამსახურებული მხატვარი, საფრანგეთის ხელოვნების, მეცნიერებისა და ლიტერატურის საზოგადოების ვერცხლის მედლის მფლობელი, ხელოვნების ასოცირებული პროფესორი, დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის ოქროს მედლის მფლობელი ქვეყნებს შორის თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის, იუნესკოს სათემო ასოციაციის წევრი, საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩოს კულტურის ცენტრის „ნატავანის“ სკოლის ვიზუალური ხელოვნების პროფესორი, თოგრულ ნარიმანბეკოვის ასოციაციის პრეზიდენტი საფრანგეთში /ATN/, ბაქოს სახვითი ხელოვნების აკადემიის პროფესორი, აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის წევრი. დამთავრებული აქვს თბილისის სამხატვრო აკადემია.
იმპრესიონიზმის, ფოვიზმის, კუბიზმის და ექსპრესიონიზმის გავლის გზით, ნარიმანბეკოვამ თავისი ინდივიდუალური შემოქმედებითი მანერა იპოვა, რომელშიც ფერთა ორიგინალური შეთანხმება შეიგრძნობა. მისი ნამუშევრები ხშირად ასახავს აზერბაიჯანის მდიდარ კულტურასა და ტრადიციებს.
ნარიმანბეკოვა აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში, საერთაშორისო ფესტივალებსა და სიმპოზიუმებში.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი საეტაპო ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
გამოფენა 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.