ქართული დასის წარმატება ტულუზაში და ემოცია, რომელიც სიტყვიერ შეფასებაზე ძვირფასია

საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში, ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ფესტივალისსცენის მანათობლები“ გამართვა ტრადიციულია. ფესტივალი საკმაოდ საინტერესოა და მას „ჯულ ჟულიენისთეარი მასპინძლობს. ფესტივალში მონაწილეობა რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილის მოზარდთა თეატრის „თეატრალის“ დასმა მიიღო. საქართველოდან ჩასულ მსახიობებს მასპინძლობა ტულუზას მერიამ გაუწია. შეგახსენებთ, რომ ეს ფესტივალი უკვე მეორმოცედ ჩატარდა. ფესტივალის შესახებ და დასამახსოვრებელ მომენტებზე თავად რეჟისორისგან შევიტყობთ.

– ბატონო ლაშა, როგორც გავიგეთ ფესტივალზე მოსულმა მაყურებელმა გულთბილი ოვაციით მიიღო თქვენი სპექტაკლი, რა შესთავაზეთ ფრანგ მაყურებელს?

– თავდაპირველად გეტყვით, რომ ფესტივალი გაიხსნა ჩვენი სპექტაკლით, რაც ჩვენს მიმართ გამოხატული პატივისცემისა და სიმპათიის გამოხატულებაა. ჩვენმა დასმა შექსპირი  წარმოადგინა და როგორც შევიტყვეთ, ფრანგი მაყურებელი მას თურმე დიდი ინტერესით ელოდა.  კონკრეტულად, ეს იყო უილიამ შექსპირის სონეტების მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომელსაც „სონეტები“ დავარქვით. ყველა ინტერესით ელოდა ჩვენს მიერ დანახულ, განცდილ შექსპირს და ვფიქრობ, რომ იმედები არ გავუცრუეთ, რაშიც მაყურებლის ოვაციამ დაგვარწმუნა. იმასაც გეტყვით, რომ მაყურებელთა შორის იყვნენ იქ მცხოვრები ქართველებიც, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო.

– ადგილობრივი მერიის გარდა, ტულუზაში მასპინძლობა იქ არსებულმა ქართულმა სათვისტომომაც გაგიწიათ

– დიახ, ტულუზაში ჩასვლისთანავე ქართული სათვისტომოს რამდენიმე წარმომადგენელი დაგვხვდა, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია. სიამოვნებით გავიცანით ერთმანეთი და სხვადასხვა თემაზე ჩვენი დიალოგიც შედგა. ეს ორგანიზაცია ახალი შექმნილია და როგორც გვითხრეს, სამომავლოდ, ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავენ. ჩვენი მხრიდან დავპირდით, რომ გარკვეულ პროექტებში შეძელებისდაგვარად ჩავერთვებით.

ყველაზე ძალიან ვინ დაგამახსოვრათ თავი?

– დამამახსოვრდა ერთი რუმინელი მოზარდი, რომელმაც სპექტაკლის ნახვის შემდეგ თავისი ემოცია Google-ის თარგმანის დახმარებით გამოხატა. ამასთან, ჩვენი სპექტაკლის მერე რუმინელებს უნდა ეთამაშათ და მათი ნაწილი კულისებიდან გვადევნებდა თვალს.

ფესტივალის ემოციური მომენტიც მათთან იყო დაკავშირებული?

– დიახ, როგორც გავიგე და რისი უშუალო მოწმეც ჩვენი მსახიობები გახდნენ, მათ სპექტაკლის მიმდინარეობის დროს ემოციისგან თავი ვერ შეიკავეს და ატირდნენო. ალბათ დამეთანხმებით, ასეთი ემოცია ჩვენთვის ზოგჯერ სიტყვიერ შეფასებაზე უფრო ძვირფასია.

– ივნისში კიდევ ერთ საერთაშორისო ფესტივალში მიიღეთ მონაწილეობა…

– ხუთ ივნისს, ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრმა სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მშობლიური ქალაქის სცენაზე დასმა მაყურებელს გოჩა კოლხის პიესა „ლაზარეს აღდგინება“ წარუდგინა. მისი რეჟისორი მე გახლდით. როგორც უკვე ითქვა, ეს იყო ხელოვნება, რომელმაც სიღნაღი და ყვარელი გააერთიანა.

– ალბათ დიდი ენერგიაა საჭირო იმისთვის, რომ სამ სხვადასხვა თეატრში განსხვავებული სპექტაკლები დადგა, რაზე მუშაობთ ამჟამად?

– უდავოდ ასეა, მაგრამ თეატრის სიყვარული ყველა სირთულის გადალახვაში მეხმარება. ამჟამად მოზარდებთან, მარო მაყაშვილის დღიურების მიხედვით წარმოდგენილ საკუთარი ინსცენირების სპექტაკლზე ვმუშაობ. მისი პრემიერა შემოდგომაზე გვექნება. ყვარლის თეატრში ვდგამ პიესას „ქეთევანი“, რომლის პრემიერაც ახალ თეატრალურ სეზონს და ქეთევან დედოფლის დაბადების დღეს გვინდა დავუკავშიროთ. ასევე ველისციხის თეატრში ვდგამ სპექტაკლს „სალამურა“.

– შეგიძლიათ ახსნათ რა აერთიანებს თქვენ მიერ დადგმულ სპექტაკლებს?

– ჩემს სპექტაკლებს ალბათ აერთიანებს: მსახიობების საოცარი გუნდური თამაში სცენაზე, სხვადასხვა ეპოქის სულიერი კავშირი რეალობასთან, ადამიანის სიყვარული, საინტერესოდ წარმოჩენილი სცენური დიალოგები, ემოციური მუსიკა და ბევრი სხვა ფაქტორი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ თეატრში მოსულმა მაყურებელმა ისიამოვნოს.

თეონა გოგნიაშვილი

„თეატრალი“ლაშა გოგნიაშვილისცენის მანათობლებიფესტივალი