20-წლამდელთა მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 4 მედლით და გუნდური მე-2 ადგილით დაასრულა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ოქროს, ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

აჩიკო ბოლქვაძემ 2023 წელი ოქროს დუბლით დააგვირგვინა – 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტულს მსოფლიოს ჩემპიონობაც მიამატა.

გორ აივაზიანი 20-წლამდელთა ნაკრებში წლეულს გადავიდა და უმალ ევროპის ჩემპიონი გახდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი უმაღლეს ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა – მან მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ანრი ფუტკარაძემ 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად იჭიდავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ანრიმ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ირანელი მეტოქე დაამარცხა.

კიდევ ერთი მედალის მფლობელი დათა ჩხაიძე (82 კგ), იგი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.