კახი ასანიძე ევროპის ვიცეჩემპიონია, არჩილ მალაყმაძემ და გიორგი ხარაზიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ბუქარესტში მიმდინარე  (U23) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე  მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით 73 კგ. წონით კატეგორიაში  კახი ასანიძემ და არჩილ მალაყმაძემ (73 კგ.) იასპარეზეს.

ატაცში კახი ასანიძემ 144 / 148 / 151 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ასანიძემ აკვრაში თავი 174 / 178  კილოგრამს გაართვა და კვლავ  ვერცხლის მედალს დაეუფლა, ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 329 კილოგრამითაც.

არჩილ მალაყმაძემ კი ატაცში  თავი 142 / 146 / 150 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

იგივე სინჯის მედალი ერგო  აკვრაში დაძლეული 168  კილოგრამითაც, ასევე ბრინჯაოს მედლის მომტანი გახდა  ორჭიდში მოგროვილი 318 კილოგრამიც.

U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მთავარი მწვრთნელის,  მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით კი გიორგი ხარაზიშვილმა და საბა აბაშიძემ (73 კგ.)  იასპარეზეს.

გიორგი ხარაზიშვილმა  ატაცში თავი 130 / 134 კილოგრამს გაართვა და მე-6 ადგილზე გავიდა.

ძალოსანმა აკვრაში 163 / 168 / 171 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ორჭიდში მოგროვილი 305 კილოგრამით კი მე-5 ადგილზე გავიდა.

საბა აბაშიძისთვის  ევროპის ჩემპიონატი სადებიუტოა. ძალოსანმა ატაცში  132 / 137 / 139 კგ. დაძლია და მე-4 საფეხურზე გავიდა . ძალოსანს საპრიზო ადგილამდე სულ რაღაც 1 კგ. დააკლდა. აკვრაში კი აბაშიძემ  საწყისი წონა ვერ დაძლია.