ისტორიაში პირველად – იტალიაში ქართული ოპერა “დაისი“ დაიდგა

21 ივნისს,  მუსიკის მსოფლიო დღეს, იტალიაში, სიცილიის ქალაქ კატანიაში, მასიმო ბელინის საოპერო თეატრის სცენაზე, ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერა “დაისი“ იტალიურ ენაზე პირველად შესრულდა, იტალიელი სოლისტების, ორკესტრისა და გუნდის მიერ.

“დაისის“ დამდგმელი რეჟისორია გოჩა კაპანაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი და დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი; სცენოგრაფიაზე, განათებასა და კოსტიუმებზე კი გიორგი ალექსი-მესხიშვილმა იმუშავა. მონაწილეობდნენ: „ტეატრო მასიმო ბელინის“ გუნდი (ქორმაისტერი ლუიჯი პეტროციელო), ორკესტრი და იტალიაში მცხოვრები საერთაშორისოდ აღიარებული უცხოელი თუ იტალიელი მომღერლები: მატეო ფალჩერი, დომენიკო ბალცანი, ანასტასია ბოლდირევა, რობერტო კრესკა. ცანგალას პარტია იტალიაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა ბანმა – გიორგი ანდღულაძემ – შეასრულა, მაროს პარტია კი – სოპრანო ევა კორბეტამ.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე “დაისის“ წარმატებული საპრემიერო ჩვენებების შემდეგ, რომელიც მისი დადგმიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა,  ზაქარია ფალიაშვილის ოპერა კატანიაში მუსიკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში წარმოადგინეს. მასიმო ბელინის  საოპერო თეატრის სამხატვრო საბჭოსა და დირექტორატის გადაწყვეტილებით, “დაისი” თეატრის რეპერტუარში დარჩება და მას რეგულარულად წარმოადგენენ საოპერო თეატრის სცენაზე, რაც ისტორიული მოვლენაა ქართული ოპერისთვის.

„21 ივნისი ქართული ოპერის ისტორიაში დარჩება ფალიაშვილის დაისის იტალიურ ტრიუმფად!!!

ბელინის თეატრის განებივრებული მაყურებელი თანაზიარი გახდა ქართული ხელოვნების ზეიმის!!!   ვულოცავ ყველას, ქართულ მხარეს, იტალიურს, სოლისტებს, გუნდს, მოცეკვავეებს, ორკესტრს, დირიჟორს და თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს ბადრი მაისურაძეს !!!

მადლობა ყველას ვინც გვგულშემატკივრობდა!❤“, – განაცხადა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ.

კატანიის ოპერის თეატრს ,,ტეატრო მასიმო ბელინი“ ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის, ვინჩენცო ბელინის, პატივსაცემად დაერქვა და ის 1890 წლის 31 მაისს კომპოზიტორის შედევრით „ნორმა“ გაიხსნა. ოთხ იარუსიანი ოპერის თეატრი 1200 მაყურებელზეა გათვლილი. სხვადასხვა დროს ამ თეატრში შესრულდა ბელინის ყველა ოპერა. სცენაზე გამოსულან უდიდესი მომღერლები – მარია კალასი, მონსერატ კაბალიე, ლუჩანო პავაროტი და სხვა. 1951 წელს, კომპოზიტორის დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მარია კალასმა შეასრულა ნორმას პარტია ამავე სახელწოდების ოპერაში.