ლიტერატურული სახლი უკვე მეორედ გასცემს ელსნერის პრემიას ( 10 000 ევრო). წლევანდელი ჯილდოს მფლობელი 1983 წელს, საქართველოში დაბადებული და ამჟამად ბერლინში მცხოვრები მწერალი, ნინო ხარატიშვილია. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
„ავტორი საკუთარ შემოქმედებაში წარმატებით ახერხებს არა მარტო საქართველოს ისტორიის ევროპის ისტორიის ნაწილად წარმოჩენას, არამედ ასევე ქართული ლიტერატურისა და კულტურის ევროპული ხასიათის ჩვენებას. ესაა ცალკეული პიროვნებების ბედისწერისა და ისტორიული გარემოებების კომბინაცია, რაც უკრაინაში მიმდინარე ომისა და იქ გამოვლენილი აგრესიის ფონზე, ხარატიშვილის ტექსტებს მეტ აქტუალობას სძენს. ამას ძნელად თუ ახერხებს სხვა რომელიმე ლიტერატურული ხმა“ – ვკითხულობთ კონკურსის ჟიურის შეფასებაში.
დაჯილდოება 2 მაისს, ნიურნბერგის ლიტერატურულ სახლში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ნინო ხარატიშვილმა ბოლო რომანი „უკმარი სიცოცხლეც“ წარადგინა (გამოცემულია გამომცემლობაში Frankfurter Verlagsanstalt). ღონისძიების მსვლელობისას სიტყვა, ლაუდაციო გიზელა ელსნერის საზოგადოების თავმჯდომარემ, ქალბატონმა კრისტინა ქიუნცელმა წარმოთქვა.