საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, 76 წლის ჰენრი კუპრაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია ცურვაში. მან სლოვენიაში გამართულ მე-13 საერთაშორისო ჩემპიონატზე 6 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
პირველი ქართველი საერთაშორისო მარათონელი მოცურავე, პირველი ქართველი მოცურავე „ოუშენმენი“ (OCEANMAN), პირველი ქართველი ზამთრის (Winter Swimming) მოცურავე – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიღწევებისა, რაც ჰენრი კუპრაშვილს სპორტის ამ სახეობაში აქვს.
2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიოში პირველმა „მხედრული კოლხურით“ (ოთხგან ხელფეხშეკრულმა), 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში (12 კმ) და საფუძველი დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს. ჰენრი კუპრაშვილი ასევე ფუძემდებელია ქართული (კოლხურ-იბერიული) სტილით ცურვისა და საქართველოში პარაცურვის სწავლების დანერგვის.
“ის არის ქართველი საერთაშორისო მარათონელი მოცურავე მსოფლიო ჩემპიონი – ბიატლსა და ტრიატლში (2015); მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი –ზამთრის ცურვაში (2018).
რაც შეეხება მის საზოგადოებრივ და სამეცნიერო მიღწევებს – ჰენრი კუპრაშვილი არის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი, ომის ვეტერანი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი; „მხედრული მამაცობისათვის“ საქართველოს სახელმწიფო მედლის მფლობელი; „სამაგალითო სამსახურისთვის“ უკრაინის შინაგანი ჯარების პირველი ხარისხის მედლის მფლობელი; ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების ოქროს მედლით დაჯილდოებული. მას მიღებული აქვს თავისუფლების მსოფლიო მედალი (ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტი); არის კეთილი ნების ელჩი – მსოფლიო რბენა ფრთები სიცოცხლისათვის (Wings for Life World Run).
ენრი კუპრაშვილი ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი სახელმძღვანელოს ავტორია. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 400-ზე მეტი სტატია, ავტორია 5 მონოგრაფიისა და 9 სახელმძღვანელოსი, არის 2 გამოგონების ავტორი”, – ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.