ანკარა-თბილისი-ანკარის მიმართულებით, თურქული ავიაკომპანიის “Pegasus Airlines”-ის მიერ პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა

2022 წლის 2 ნოემბერს, ანკარა-თბილისი-ანკარის მიმართულებით, თურქული ავიაკომპანიის “Pegasus Airlines”-ის მიერ პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს, ავიაკომპანიის “Pegasus Airlines” და “TAV” ჰოლდინგის ორგანიზებით, ანკარის ესენბოღას აეროპორტში საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას, საქართველოს ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან და საელჩოს თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ ზემოხსენებული ავიაკომპანიისა და ჰოლდინგის ხელმძღვანელი პირები და მედიის წარმომადგენლები.

„გლობალური პანდემიის შემდგომ პერიოდში, საელჩო აქტიურად ახორციელებდა კონსულტაციებს, თურქული ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან, საქართველოს მიმართულებით ავიარეისების ოთხივე სეზონზე შესრულებისა და ოპერირების სიხშირის გაზრდასთან დაკავშირებით.

საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის ფრენები, ანკარის  ესენბოღას აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: ანკარა-თბილისი-ანკარის მიმართულებით პირველი რეგულარული ავიამიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ელჩსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრისას მიიღეს, რის შედეგადაც, 2019 წლის 18 იანვარს, თურქეთის ავიახაზებმა (Turkish Airlines) პირველი ავიარეისი შეასრულა. გლობალური პანდემიის გამო, სამწუხაროდ, ავიამიმოსვლა შეწყდა.