კუმისში კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების საველე ექსპედიცია გაიმართა

კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის ფარგლებში კუმისის ტბაზე საველე ექსპედიცია გაიმართა,სადაც ილიაუნის მკვლევარმა სტუდენტებმა ფეხსახსრიანების რამდენიმე ათეული ტაქსონი შეაგროვეს. მათგან 3 სახეობა საქართველოს ფაუნისთვის ახალი აღმოჩნდა. ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტის მიზანია 3 წლის მანძილზე 50 000 განსხვავებული სახეობის ცხოველისა და მცენარის გენეტიკური აღწერა და კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა. პროექტში, რომელიც 2020 წელს დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებითა და გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს, სომხეთისა და გერმანიის შვიდი კვლევითი დაწესებულებაა ჩართული.

ექსპედიციაში მონაწილეობდნენ მკვლევარები: არმენ სეროპიანი, ნატალია ბულბულაშვილი,შოთა ჯაფარაშვილი, სოფო ბალხამიშვილი, ეკა არსენაშვილი, თინათინ ჩხარტიშვილი, მარიამ თოდუა, ანანო შუბაშიშვილი და გიორგი იანქოშვილი.