საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი 13 ივნისიდან უმასპინძლებს გამოფენას „საქართველოს არქივები“, რომელიც ფართო საზოგადოებას საქართველოს ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში დაცულ საარქივო ფოტომასალას გააცნობს.
“XIX საუკუნის მიწურულიდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე გადაღებული ფოტოსურათები გვიჩვენებს ქალაქებისა და სოფლების ხედებს, ისტორიულ ძეგლებს, მშენებლობებსა და ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობასა და ყოველდღიურ ცხოვრებას. გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს საარქივო კოლექციების მრავალფეროვნება და მათი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ფოტოისტორიის გასაცნობად.
გამოფენა შეტანილია არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) მიერ ინიციირებული „არქივების საერთაშორისო კვირეულის“ საერთაშორისო ღონისძიებების კალენდარში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს არქივების მნიშვნელობას მსოფლიო საარქივო სივრცეში.
ექსპოზიცია ეროვნული არქივის ყოველწლიური კონფერენციის – „საქართველოს არქივები“ ნაწილია”, – ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.