“ნიკასთვის” – 22 დეკემბერს მწერალთა სახლი საქველმოქმედო აუქციონსა და გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს

22 დეკემბერს მწერალთა სახლში გაიმართება აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა ნიკა აგლაძის მხარდასაჭერად, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მწერლები, მხატვრები, გამომცემლები, რამდენიმე მუზეუმი, სტარტაპერი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მწერალთა სახლში საშუალება გექნებათ, შეიძინოთ თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები, ცნობილი ქართველი მწერლების მემორიალური ნივთები და ხელნაწერები, თანამედროვე ქართული და თარგმნილი ლიტერატურა, ხელნაკეთი ნივთები, ფოტოები, სუვენირები.

ნიკა აგლაძეს, ინტელექტ კლუბის გამორჩეულ მოაზროვნეს, ისტორიკოსსა და ლიტერატორს აღმოაჩნდა თავის ტვინის კავერნომა. ნიკას უკვე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია თურქეთში, რომელიც სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და საჭიროებს ნეიროქირურგიულ ჩარევას. ოპერაცია უახლოეს მომავალში გერმანიაში უნდა ჩატარდეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესი ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ აუქციონსა და გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გარდა ამისა, დახმარების მსურველთათვის გახსნილია საბანკო ანგარიშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები