ზაზა ურუშაძის “სამ სახლს” ვაშინგტონში უჩვენებენ 

კინოჩვენება, რომელიც ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში 19 დეკემბერს გაიმართება გარდაცვლილი ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ხსოვნას მიეძღვნება.

ზაზა ურუშაძემ “სამი სახლი” 2008 წელს საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო. ფილმი სამი ნოველისგან შედგება,რომლებსაც საერთო იდეა აერთიანებთ:

პირველი ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისში, ძველ საგვარეულო სახლში ვითარდება. ოჯახის უფროსი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ისე იქცევა, თითქოს ის და გარდაცვლილი კვლავ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. მეორე ნოველაში მოქმედება მე-20 საუკუნის ბოლოს მიმდინარეობს, მოქმედება სოფელში ხდება. აქ ადამიანები ისევ ისე ცხოვრობენ, როგორც მათი მამა-პაპა ცხოვრობდა. მესამე ნაწილი კი შედარებით მსუბუქი და მხიარულია, მასში ჩანს 21-ე საუკუნის ჰუმანიზმი. ფილმი კომედიაა, მისი გმირი თანამედროვე ქალაქელი ბიჭია, რომელიც იძულებული ხდება საკუთარ პრინციპებს უღალატოს.

ფილმს ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით უჩვენებენ. კინოჩვენება აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება. ამავე პროექტის ფარგლებში, საქართველოს საელჩო აშშ-ში ყოველთვიურად უმასპინძლებს ქართველი კლასიკოსებისა და თანამედროვე რეჟისორების ფილმების ჩვენებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები