ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ
ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბორჯომი და ბაკურიანი ოფიციალურად დაარეგისტრირა, როგორც 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქები. ოფიციალური წერილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისგან, იანეზ კოჩიანჩიჩისგან და გენერალური მდივანისგან, რაფაელე პანიოცისგან მიიღო.
წერილის თანახმად, სეოკ-მა ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ინფორმაცია EOC-ს 2020 წლის 31 ივლისამდე უნდა წარუდგინოს. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, თებერვალში ბორჯომსა და ბაკურიანს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება ოლიმპიური ფესტივალის შემფასებელი კომისია.
საქართველომ ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სურვილი წელს გამოთქვა. ქვეყანას უკვე გააჩნია მსგავსი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება. 2015 წელს, თბილისმა ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა.