ჰაინალკა ბაბირაკს ჯილდო „საქართველოს უცხოელი მეგობარი“ ოფიციალურად გადაეცა
საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ უნგრელ ქართველოლოგს ჰაინალკა ბაბირაკს ოფიციალურად გადასცა ჯილდო „საქართველოს უცხოელი მეგობარი“, რომელიც მას მიმდინარე წლის მაისში მიენიჭა თბილისში გამართულ ღონისძიებაზე „დიასპორისა და საქართველოს უცხოელი მეგობრების განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“.
ეს ჯილდო უნგრელ ქართველოლოგს საზღვარგარეთ საქართველოს წარმოჩენისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა.
ქ-ნი ჰაინალკა ბაბირაკი, ლიტერატურათმცოდნე, ქართველოლოგი, მთარგმნელი და პოეტი, 20 წელიწადზე მეტია აქტიურად იღვწის ქართულ-უნგრული კულტურული კავშირების განსამტკიცებლად.
ჰაინალკა ბაბირაკი არის საქართველოსადმი მიძღვნილი არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა თუ პუბლიკაციის ავტორი, უნგრულ ენაზე თარგმნილი აქვს ქართული პოეზია.