„მასტერკლასი შეხვედრების ინდუსტრიაში“

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის (ICCA) ერთობლივი ღონისძიება „მასტერკლასი შეხვედრების ინდუსტრიაში“ საქართველოში პირველად ჩატარდა. მასტერკლასზე საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ისევე როგორც საქმიანი ტურიზმის სფეროში მოღვაწე კომპანიებს აჭარიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და კახეთიდან საშუალება ჰქონდათ გაეგოთ საქმიანი ტურიზმის თანამედროვე ტენდენციები და საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ  ღონისძიებაზე დამსწრე ორგანიზაციებთან.

სემინარზე ICCA-ს და UNWTO-ს საერთაშორისო სპიკერებმა ალესანდრა პრიანტემ და ელიფ ბალჩი ფისუნოღლუმ ისეთი მნიშვნელოვანი თემები განიხილეს, როგორებიცაა საქმიანი ტურიზმის ინდუსტრია, ICCA, ასოციაციების როლი ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით, შეხვედრების ინდუსტრიის მთავარი სარგებელი, თანამედროვე ტენდენციები და ეკონომიკური კლასტერები.

„ჩვენს ქვეყანაში პირველად ტარდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის (ICCA) ერთობლივი ღონისძიება და გვიხარია, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად სწორედ ბათუმი შეირჩა. ეს, ერთის მხრივ, ხელს უწყობს საქმიან ტურიზმში ჩართული კომპანიების, ორგანიზაციების განვითარებას, მეორეს მხრივ კი ბათუმის, როგორც საქმიანი ტურიზმისთვის მიმზიდველი ქალაქის პოზიციონირებას. ჩვენი ტურისტული ინფრასტრუქტურა და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები ნამდვილად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბათუმი გახდეს ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ცენტრი”’ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ.

ღონისძიებას გარდა სექტორისა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები