“კაცი ვეფხვის ტყავში“- მსოფლიო ავტორბოლის ქართველი ჩემპიონი

მის შესახებ, როგორც ქალების გულთამპყრობელზე, ხშირად წერდნენ, ქართველი „ფლეიბოიც” უწოდეს… მისი ბიოგრაფია მართლაც უამრავი სასიყვარულო-რომანტიკული ისტორიით და ცნობილი ლამაზმანების სახელებითაა დატვირთული, თუმცა ისტორიას მისი სახელი სხვა მიღწევებით უფრო შემორჩა: ის მსოფლიოში ცნობილი ავტომრბოლელი და სასტუმროების დეველოპერი იყო.

თავადი დიმიტრი ჯორჯაძე იყო ტიტულარული მრჩევლის, ქველმოქმედისა და კავკასიის კავალერიის პოლკის ოფიცრის ალექსანდრე ჯორჯაძის ვაჟი. ის 1898 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა სიღნაღში. სწავლობდა ვლადიკავკაზში იუნკერთა სასწავლებელში. საქართველოში ბოლშევიკური დიქტატურის დამყარების შემდეგ, დამპყრობელთან შეურიგებელი თავადი ემიგრაციაში წავიდა და ცნობილი ავტომრბოლელი გახდა.

 

1931 წელს ბელგიაში, იტალიელ გოფრედო ძეჰენდერთან ერთად, მოიგო 24–საათიანი რბოლა „სპა“  და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. მან დაძლია ყველაზე ვრცელი დისტანცია 1 580.7 მილი საათში 65.8 მილი სიჩქარით.

იტალიიდან დიმიტრი ჯორჯაძე საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად და კერძო ტაქსოპარკი შეიძინა, სადაც მძღოლებად ქართველები დაასაქმა. პარალელურად, ის ავტოსპორტით იყო დაკავებული. ავტოსპორტში მას ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც “კაცს ავაზის ტყავში”.

დიმიტრი ჯორჯაძე ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლი იყო ოდრი ემერი – თავად დიმიტრი პავლეს–ძე რომანოვის ყოფილი მეუღლე. მან აღზარდა ოდრი ემერისა და დიმიტრი რომანოვის ვაჟი პავლე. განქორწინების შემდეგ, 1954 წელს შეირთო მსახიობი სილვია ეშლი, რომელიც მანამდე ცნობილი დიდგვაროვნების – ლორდ ეშლი კუპერის და ედვარდ ჯონ სტენლის, აგრეთვე კინოვარსკვლავების –  დუგლას ფერბენქსის და კლარკ გეიბლის ცოლი იყო.

სილვია ეშლი

 

დიმიტრი ჯორჯაძის ორივე მეუღლეს პრინცესას სტატუსი მიენიჭა.

მოგვიანებით, აშშ–ში დიმიტრი ჯორჯაძემ შეიძინა  „ბუნ ჰოლის“ სახელით ცნობილი ისტორიული ღირებულების მქონე პლანტაცია სამხრეთ კაროლინაში. მოეკიდა სასტუმროების ბიზნესსა და საცხენოსნო შეჯიბრებებს. მის საუკეთესო მერანს ერქვა Princequillo, რომელიც 1943 წელს ყველაზე სწრაფი ცხენი იყო გრძელ დისტანციებზე, შეერთებულ შტატებში. 1945 წელს ჯორჯაძეებმა პლანტაცია 120 ათას დოლარად გაყიდეს, ძვირადღირებული იახტა კი პრეზიდენტ ეიზენჰაუერს აჩუქეს.

მხატვარმა ირაკლი თოიძემ “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრირებისას ტარიელის პორტრეტისათვის დიმიტრი ჯორჯაძე შეარჩია.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკელმა მწერალმა ქალმა გეილ ელტონ მეიომ დიმიტრი ჯორჯაძის შესახებ წიგნი – “კაცი ვეფხვის ტყავში: თავად დიმიტრი ჯორჯაძის ცხოვრება” – დაწერა. 1985 წელს, დიმიტრი ჯორჯაძე მონტე–კარლოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები