ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ევროპის კინოაკადემიის“  დაჯილდოებაზე წარადგინეს

ტალინში მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის “PÖFF Shorts” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამავე ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მარქსის ქუჩა #12” ევროპის კინოაკადემიის 2020 წლის დაჯილდოების კანდიდატად წარადგინეს.

ევროპის კინოაკადემია რამდენიმე კინოინსტიტუტისა და 24 წამყვანი ევროპული კინოფესტივალის რეკომენდაციას განიხილავს –  მათ შორის არის ბერლინის, ვენეციის, ლოკარნოს, სარაევოს, როტერდამის, ვალიადოლიდის, ბრისტოლისა და ოდესის კინოფესტივალი. რეკომენდატორთა შორის  წელს პირველად  მოხვდა “PÖFF Shorts” ფესტივალი.

ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელსაც ევროპაში წლიდან წლამდე დიდი ინტერესით ელიან. წითელ ხალიჩაზე თავს იყრიან მსოფლიო კინოს ვარსკვლავები, ცერემონია გადაიცემა არაერთი ევროპული წამყვანი ტელეარხის პირდაპირ ეთერში, რადგან იგი ევროპული კინოს ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს აფასებს.

ევროპული კინოაკადემიის დაჯილდოების  2019 წლის ცერემონია 7 დეკემბერს ბერლინში გაიმართება. წელს დაჯილდოებაზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში წარდგენილია ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანი.

2020 წლის ცერემონიას კი რეიკიავიკი უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები