“საქართველოს ევროპული გზა“- საჯარო ლექცია დუბლინში
საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე დუბლინში ლექცია-სემინარი „საქართველოს ევროპული გზა“ ჩატარდა. სემინარს დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCD) პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლამ უმასპინძლა.
ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე პრეზენტაცია კოლეჯის ქართველმა სტუდენტმა, ნანუკა ოდიკაძემ გააკეთა, რის შემდეგაც ირლანდიაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზურაბაშვილმა წაიკითხა ლექცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე, ვიზალიბერალიზაციასა და ასოცირების შეთანხმებაზე.
შეხვედრაზე საქართველოს საელჩომ გამოთქვა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს ქართველი სტუდენტების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებაში საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხებისა თუ ისტორიული-კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის მიზნით.
სემინარი ქართველი სტუდენტის, ნანუკა ოდიკაძის ინიციატივითა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარადა. ნანუკა ოდიკაძემ დაამთავრა დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის ეკონომიკის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და ამჟამად ამავე უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. იგი UCD-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სტუდენტია.