მსოფლიო სერიების lll ეტაპზე ქვიშის ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა
ბათუმმა, ისტორიაში პირველად, ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიების მესამე ეტაპს უმასპინძლა.
ღონისძიებაში მონაწილეობა 22 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენმა მიიღო, გამარჯვებულები კი ვაჟთა და ქალთა შორის 4-4 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
ჩემპიონი 80კგ წონით კატეგორიაში ლუკა ჩხიტუნიძე გახდა. ქართველმა სპორტსმენმა წელს სამივე სერიაზე იზეიმა ჩემპიონობა. ბრინჯაოს მედლები და მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულები დავით ფარტენაძემ (70კგ), ევსემი შველიძემ (90კგ) და მამუკა კორძაიამ(+90კგ) მოიპოვეს.
ღონისძიება საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტისა და ბათუმის სპორტული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.