Როგორ შევამციროთ ტკივილის ინტენსივობა და როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი
Როგორც კვლევებმა აჩვენეს, დასავლეთის ქვეყნებში ქრონიკული ტკივილი ზრდასრულთა დაახლოებით 20%-ს აწუხებს. Ამ 20% -ში შეიძლება ბევრი ჩვენგანიც შედიოდეს. Როგორ შევამციროთ ტკივილის ინტენსივობა და როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი ამაზე თავის აზრს მედიცინის ფაკულტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის დოქტორანტი, საქართველოს ეპიდემიოლოგთა ასოციაციის წევრი, შორენა გაბედავა გაგვიზიარებს.
,,ყოველი მეხუთე ადამიანი განიცდის ქრონიკულ ტკივილს, დასავლეთის ქვეყნებში ქრონიკული ტკივილი ზრდასრულთა დაახლოებით 20%-ს აწუხებს.
თანამედროვე მონაცემებით, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს ქრონიკული ტკივილით, რაც საჭიროებს კომპლექსურ, მულტიდისციპლინურ მიდგომას ეფექტური მართვისთვის.
ქრონიკული ტკივილის პრევენციისა და კონტროლისათვის მნიშვნელოვანია რამდენიმე
ძირითადი ასპექტი:
– ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება და ინდივიდუალურად მორგებული რეაბილიტაცია.
– სტრესის მართვა, სწორი ძილი.
– ტკივილის ადრეული შეფასება და დროული მიმართვა სპეციალისტთან.
– მედიკამენტოზური თერაპიის რაციონალური გამოყენება ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე.
– პაციენტის განათლება და თვითმართვის უნარების განვითარება.
თანამედროვე მიდგომები ქრონიკული ტკივილის მართვაში მნიშვნელოვნად განვითარდა და მოიცავს როგორც ფარმაკოლოგოურ, ისე არაფარმაკოლოგიურ ინოვაციებს. ფარმაკოთერაპიაში აქცენტი გადატანილია იდივიდუალიზაციაზე, ოპიოიდების რაციონალურ გამოყენებასა და ალტერნატიული პრეპარატების (მაგ: ნეიროპათიული ტკივილის სამკურნალო საშუალებები) ინტეგრირებაზე. ამასთან იზრდება ინტერესი მინიმალურად ინვაზიური ინტერვენციული მეთოდების მიმართ, როგორიცაა ნერვული ბლოკადები, რადიოსიხშირული აბლაცია და ნეირომოდულაცია.
არაფარმაკოლოგიური მიდგომებიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კოგნიტურ-ქცევით თერაპიას, ფიზიოთერაპიას, მულტიმოდალურ რეაბილიტაციასა და ციფრულ ჯანდაცვის ტექნოლოგიებს. (მაგ: ტკივილის მონიტორინგის აპლიკაციები და ტელემედიცინა).
აღნიშნული მეთოდები ხელს უწყობს პაციენტის აქტიურ ჩართულობასა და თვითმართვის გაუმჯობესებას.
საბოლოოდ, ქრონიკული ტკივილის ეფექტური მართვა ეფუძნება ინდივიდზე მორგებულ მულტიდისციპლინურ მიდგომას, სადაც პაციენტი აქტიური მონაწილეა მკურნალობის პროცესში. თანამედროვე სტრატეგიები მიზნად ისახავს არა მხოლოდ ტკივილის ინტენსივობის შემცირებას, არამედ ფუნქციური სტატუსისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.”