დღეს თავისუფალი თეატრი 25 წლის გახდა

დღეს, 31 მარტს, თავისუფალი თეატრი 25 წლის გახდა.

თავისუფალი თეატრი” 2001 წლის 31 მარტს გაიხსნა. 2001 წლიდან 2018 წლამდე შენობას ჰქონდა გემის, როგორც თავისუფლების სიმბოლოს ფორმა (არქიტექტორი პაატა ჭავჭანიძე). 2018 წელს რეკონსტრუქციის შემდეგ შენობამ იცვალა იერსახე. გაიზარდა სცენის პარამეტრები, მაყურებელთა რაოდენობა. თეატრს აქვს მცირე სცენაც. “თავისუფალი თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელი და მესაკუთრეა რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი.

“თავისუფალი თეატრი” პირველივე სპექტაკლებიდანვე (“კომედიანტები“, “ჯინსების თაობა“, ”პროვოკაცია” და სხვ.) ჩამოყალიბდა როგორც სოციალურ – პოლიტიკური თეატრი და ქართველმა ახალგაზრდობამ შეიყვარა ის, როგორც მაღალი მხატვრული დონის, ასევე მისი სპექტაკლების მოქალაქეობრივი პოზიციის გამო.

თეატრს ჰყავს მუდმივმოქმედი დასი და მათ გარდა, ასაქმებს ორმოცდაათამდე მსახიობს. საზოგადოება უკვე იცნობს “თავისუფალი თეატრის” სახეებს: აპოლონ კუბლაშვილს, კახა მიქიაშვილს, მარიამ ჯოლოგუას, ლაშა გურგენიძეს, თიკო კორძაძეს, ჯაბა კილაძეს, სლავა ნათენაძეს, გოგა ბარბაქაძეს, მაია დობორჯგინიძეს, მამუკა მუმლაძეს, თამუნა ნიკოლაძეს, გიორგი ჯიქიას, მარიამ ნადირაძეს, სალომე ჭულუხაძეს, შაკო მირიანაშვილს, გუგა ქაცარავას და სხვ. ამ თეატრის სცენაზე სხვადასხვა დროს, სპექტაკლებში თამაშობდნენ ქართული თეატრის ცნობილი მსახიობები: გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე, თათული დოლიძე, მარინე ჯანაშია, ირინა მეღვინეთუხუცესი, რამაზ იოსელიანი, დიმა ჯაიანი, ევა ხუტუნაშვილი, ვანო იანტბელიძე და სხვ. “თავისუფალ თეატრმა” ბევრ სიხარულთან ერთად დიდი ტკივილიც ნახა, სწორედ “თავისუფალი თეატრის” სცენაზე დაიბადა და თეატრის პირველი ცხრა წელი, “თავისუფალის” ნომერ პირველი ვარსკვლავი იყო არაჩვეულებრივი მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური. “თავისუფალის” სცენაზე ითამაშა ბოლო როლები შესანიშნავმა მსახიობმა მიშა ჯოჯუამ.

“თავისუფალმა თეატრმა” დაარსების დღიდან, ფართოდ გაუღო კარი ქართულ რეჟისურას. ავთო ვარსიმაშვილის გარდა, თეატრში დადგეს სპექტაკლები მუმუშა გაწერელიამ, დათო დოიაშვილმა, გიორგი სიხარულიძემ, გოგი მარგველაშვილმა, გოჩა კაპანაძემ, გიორგი შალუტაშვილმა, ანდრო ენუქიძემ, გოგი თოდაძემ, ნუგზარ ლორთქიფანიძემ, სანდრო მრევლიშვილმა. შედგა ბევრი ახალგაზრდა რეჟისორის დებიუტიც, მათ შორის ვანო ხუციშვილის, საბა ასლამაზიშვილის, ნიკა ჩიკვაიძის, თომა ათანელიშვილის, ლაშა შეროზიას და სხვების.

მრავალფეროვანია და შთამბეჭდავია “თავისუფალი თეატრის” საგასტროლო – საფესტივალო რუკაც.

“დაბადების პირველივე წუთებიდან მან თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა საქართველოს წამყვან თეატრებს შორის და უკვე მეოთხედი საუკუნეა ეს პოზიცია ჯიუტად, დაუღალავად და ღირსეულად უკავია.
ამ 25 წლის მანძილზე რა არ უნახავს და რა არ განუცდია ამ თეატრს… დიდი გამარჯვებები, მუდმივად გადაჭედილი დარბაზები, მაყურებლის ოვაცია და სიამაყის შეგრძნება, რომ ემსახურები შენს ქვეყანას შენივე შექმნილი თეატრით, რომელიც ამდენ სიხარულს ანიჭებს მაყურებელს. ამ მხრივ იყო განსაკუთრებული სიამაყის წუთებიც, როდესაც მსოფლიოს ოცზე მეტ ქვეყანას საგასტროლო ტურნეებით ვაცნობდით ქართულ თეატრს და როდესაც მსოფლიო თეატრალურ ოლიმპიადაზე საქართველო სწორედ ჩვენი, თავისუფალი თეატრის სპექტაკლებით წარდგა.
ამ თეატრში ბევრი ახალგაზრდა ქართველი მსახიობი გამოვიდა პირველად სცენაზე. ბევრმა ახალგაზრდა რეჟისორმა პირველად დადგა სპექტაკლი. სწორედ აქ გადადგეს პირველი ნაბიჯები და აქედან დაიწყო მათი გზა ქართულ თეატრსა და კინოში. ამიტომაც თავისუფალი თეატრის ისტორია მხოლოდ სპექტაკლების ისტორია არ არის — ეს არის ახალი თაობის მსახიობების, რეჟისორების და მათი მაყურებლის დაბადების ისტორია.
ეს 25 წელი სავსეა როგორც დიდი სიხარულით, ისევე დიდი სევდით და ტკივილით. თეატრის ბიოგრაფიაში არის საოცარი ერთგულების და გაუგონარი ღალატის მაგალითებიც.
ჩვენი თეატრის სპექტაკლები ამ 25 წლის მანძილზე, დროსთან ერთად მუდმივად იცვლებოდნენ, მაგრამ ორი რამ უცვლელი გვქონდა, თეატრი ყოველთვის სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობდა მაყურებელს და ყოველთვის, ის ქართველ მაყურებელს გამორჩეულად უყვარდა და უყვარს.— სწორედ ამ სიყვარულმა გაგვაძლებინა ყველაზე რთულ პერიოდებშიც.
25 წელი თეატრისათვის უკვე დიდი ისტორია, მაგრამ თავისუფალი თეატრის ისტორიის წერა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ის უკვე ჩვენი ქვეყნის, ჩვენი თეატრალური კულტურის განუყოფელი ნაწილია და ის, დღეს მომუშავე ხალხის გარეშეც, მრავალი ათწლეულების შემდეგაც იდგება თავისუფალი ადამიანების სამსახურში. ყველას გილოცავთ თავისუფალი თეატრის დაბადების დღეს!”, – წერს ავთო ვარსიმაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები