ქუთაისში დაიწყო პირველი საერთაშორისო ფესტივალი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში — „მაიას თასი 2025“
ქუთაისში დაიწყო პირველი საერთაშორისო ფესტივალი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში — „მაიას თასი 2025“.
იმერეთი მთავარი ქალაქი რამდენიმე დღით ნამდვილ საჭადრაკო დედაქალაქად გადაიქცევა — ქალაქი მასპინძლობს დიდ სპორტულ დღესასწაულს, სადაც ერთ სივრცეში ითამაშებენ სხვადასხვა თაობის მოჭადრაკეები: საქართველოს ნაკრების წევრები, გამოცდილი ოსტატები და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები. ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მონაწილეთა შორის არიან: საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები, ასევე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები.
„ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ათობით ტურნირი და შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, ხოლო საერთო საპრიზო ფონდი – 60 000 ლარია.
ფესტივალში მონაწილეობს 6 ქვეყნის 340 მოჭადრაკე . წინ გველოდება მაღალი კონკურენცია, დაძაბული პარტიები და დაუვიწყარი ემოციები!
ორგანიზატორები არიან: ქუთაისის მერია და იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია
შეჯიბრი სწრაფ ჭადრაკში ორ დღეს გაგრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პირველ სათამაშო დღეს გაიმართა 4 ტური, რომლის შემდეგ ვითარება როგორც ქალთა, ისე ვაჟთა შორის საკმაოდ დაძაბულია.
ოთხიდან ოთხი გამარჯვებით ტურნირს ერთპიროვნულად ლიდერობს ანასტასია კირთაძე. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება ინგა ხურცილავა, ხოლო 3-3 ქულით III – IV ადგილებს ბელა ხოტენაშვილი და მერი არაბიძე ინაწილებენ. მეხუთე ტურში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ლიდერების დაპირისპირება:
კირთაძე — ხურცილავა
არაბიძე — ხოტენაშვილი
ვაჟთა შორის ოთხ-ოთხი გამარჯვებით დაწინაურდნენ: გიგა ყუფარაძე და ლუკა პაიჭაძე. მომდევნო ტურში სწორედ მათი შეხვედრა იქნება ყურადღების ცენტრში.