ღვინის მწარმოებელი ხუთი საოჯახო მარანი ტოკიოში გამართულ გამოფენაში ,,RAW Wine Tokyo” მონაწილეობდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი ხუთი საოჯახო მარანი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში ,,RAW Wine Tokyo” მონაწილეობდა.
იაპონელ ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ქართული მარნების: „ანდრიას ღვინო“, „ართანა ვაინსი“, „იორა“, „მანავი ვაინსი“, „გაბრიელი ვაინსი“ ღვინოები. გამოფენის სტუმრები ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და კულტურას გაეცნენ.
გამოფენაზე raw wine (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა იაპონიაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.
„იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოს ყველა რეგიონში“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.