ინფორმატიკის ქართული სკოლის კიდევ ერთი წარმატება
9-13 აპრილს ბულგარეთის ქალაქ შუმენში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოსწავლემ საბა გოდუაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში გიორგი მანდარია ავრცელებს.
„ეს ტურნირი უკვე მრავალი წელია ტარდება და მაღალი რეიტინგითაც გამოირჩევა. მასში ევროპის და აზიის ქვეყნების უძლიერესი მოსწავლეები მონაწილეობენ და ორ ასაკობრივ კატეგორიაში იმართება: უმცროსები (16 წლამდე ასაკის) და უფროსები (16 წლის ზემოთ). საქართველოდან უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობდა ორი კომაროველი მე-9 კლასელი მოსწავლე: საბა გოდუაძე და ცოტნე მანდარია (ისინი პარალელურად საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრის “მზიურის” აღსაზრდელებიც არიან). საბა შარშანაც მონაწილეობდა ამ ტურნირში და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, წელს კი შედეგი გააუმჯობესა. ცოტნემ პირველად მიიღო მონაწილეობა ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაში და კარგი გამოცდილებაც შეიძინა. გუნდს თან ახლდა ლიდერი, ყოფილი ოლიმპიელი და ინფორმატიკაში ევროპის გოგონათა ოლიმპიადის ორგზის ვერცხლის მედალოსანი თეო კაკაბაძე.
შუმენის საერთაშორისო ტურნირის პარალელურად, 12-13 აპრილს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ჩატარდა უკრაინის ღია ჩემპიონატი ინფორმატიკაში ორ კატეგორიაში: გოგონების და ახალგაზრდული (2010 წლიდან დაბადებულთათვის). გოგონებს, რომლებიც 2010 წლიდან არიან დაბადებული, გოგონათა პაექრობაში ნაჩვენები შედეგები პარალელურად ახალგაზრდულ კატეგორიაშიც ეთვლებოდათ. ოლიმპიადაში ევროპის, აზიის და აფრიკის ქვეყნებიდან მონაწილეობდნენ მოსწავლეები. ქართველი ბავშვები ონლაინ რეჟიმში ჩავრთეთ ამ შეჯიბრებაში და მშვენიერი შედეგიც მივიღეთ. ჩვენმა ოლიმპიელებმა ჯამში 9 მედალი მოიპოვეს: გოგონებში 1 ოქრო (გვანცა ხვედელიძე), 2 ვერცხლი (მარიამ ცაგარელი, თაკო შანავა) და 1 ბრინჯაო (ნათია ქიტიაშვილი); ახალგაზრდებში 2 ვერცხლი (გიორგი მაისურაძე, ისევ მარიამ ცაგარელი) და 3 ბრინჯაო (ალექსანდრე ფეიქრიშვილი, ისევ თაკო შანავა და ნემო ხაჩიძე) – ყველა მოსწავლე კომაროველია (მზიური). ტრადიციულად, ვულოცავ ბავშვებს და გილოცავთ ყველას! წინ კიდევ ბევრი გამარჯვებები გველის!“, – წერს გიორგი მანდარია.