ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უძვირფასესი საჩუქარი მიიღო
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მისმა დიდი ხნის მეგობარმა და გულშემატკივარმა, ქალბატონმა ანა ჭაბაშვილმა საჩუქრად 1864 წელს თბილისში გამოცემული იოანე მაისურაძის მიერ საქართველოს კათოლიკეთათვის შეკრებილი „ლოცვანი“ გადასცა.
„ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უძვირფასესი საჩუქარი მიიღო ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობრისგან, სამეცნიერო წრეებში ცნობილი ოჯახის წარმომადგენლისგან, ქალბატონ ანა ჭაბაშვილისგან – „ლოცვანი“ საქართველოს კათოლიკეთათვის, შეკრებილი იოანე მაისურაძისაგან. ტფილისი. 1864 წელი. წიგნში ჩადებულია ფურცლოვანი გამოცემები, რომლებიც საზღვარგარეთაა დაბეჭდილი. ერთი მათგანი ქართულ ენაზეცაა. ეს ფურცლოვანი გამოცემა ქართული ეროვნული ბიბლიოგრაფიისთვის დღემდე უცნობი იყო. ეს წიგნიც ბიბლიოთეკაში ერთადერთი გამოცემა გვქონდა. გამოცემა ბრწყინვალედ არის შემკული ტყავის ყდით. ყუაზე აქვს მფლობელის ინიციალები! ე. ქ. შესაძლებელია – ე. კ. ამ შემთხვევაში გამოცემა ეპისკოპოს კირიონის ნაქონი გამოდის. ქალბატონი ანასგან ჩვენ საჩუქრებით ძველთაგან ვართ განებივრებული. ამჯერად მისი საჩუქარი, უნიკალურობის გამო, წიგნის მუზეუმში დაიდებს ბინას!“ – ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი.