China International Import Expo-ზე 40-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი
5-10 ნოემბერს, საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში – China International Import Expo (CIIE), „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში გაიმართა, სადაც საქართველო სამი პავილიონით იყო წარმოდგენილი, ესენია: ეროვნული, საკვებისა და სასმლის და საფეიქრო ინდუსტრიის პავილიონები.
ჩინეთში საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობდა.
გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს მრავალფეროვან ისტორიას და კულტურას, უნიკალურ დამწერლობას, ღვინის წარმოების საუკუნოვან ტრადიციებს, ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს.
პარალელურად, ქართული კომპანიები წარმოადგენდნენ სხვადასხვა პროდუქციას: ალკოჰოლურ და არაალკოჰოლურ სასმელებს, აგროპროდუქტს, ტყავის ნაწარმს და აქსესუარებს, ტანსაცმელს და ა.შ. გამოფენის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაემყარებინათ საერთაშორისო კონტაქტები, რაც ხელს შეუწყობს მათ გაიტანონ პროდუქტი ექსპორტზე და გაზარდონ გაყიდვები.
აღსანიშნავია, რომ საქართველო China International Import Expo (CIIE)-ზე უწყვეტად, უკვე მეშვიდედ მონაწილეობდა.