ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი პარალიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელია

საქართველომ პარალიმპიადაზე მეექვსე მედალი მოიპოვა – ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (73 კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიადის ვიცეჩემპიონია.

პარიზის პარალიმპიადის ფინალი მან იაპონელ პარასპორტსმენთან, ტოკიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ იუჯირო სეტოსთან დათმო და საქართველოს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მესამე ვერცხლის მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქალდანმა მეოთხედფინალში რუმინელი დანიელ ვარგოცკი დაამარცხა. ნახევარფინალში ტოკიოს პარალიმპიადის ოქროს მედალოსანს უზბეკ უჩკუნ კურანბაევს სძლია.

გიორგი ქალდანი ევროპის ორგზის  ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულია. ის პარალიმპიადაზე მეორედ ასპარეზობს.

ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს უკვე ექვსი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. გიორგი ქალდანამდე პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები