ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველად დაიკავა გუნდური პირველი ადგილი
პერუს დედაქალაქმა ლიმამ 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. მსოფლიოს პირველობაზე იმყოფებოდა ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრები.
მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ირაკლი ვეკუამ (+102 კგ), რომელმაც ატაცში – 151 კილოგრამი, აკვრაში კი 196 კილოგრამი დააფიქსირა, ორივე დისციპლინაში ოქროს მედალი მოიპოვა და ორჭიდის შედეგად დაგროვებული 347 კილოგრამით პირველი ადგილი დაიკავა.
მსოფლიოს ვიცეჩემპიონი გახდა ირაკლი სილაგაძე (96 კგ). მან ატაცში – 143, აკვრაში კი 170 კილოგრამი დასძლია, ორივე დისციპლინაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ორჭიდის შედეგად დაგროვებული 313 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა.
მსოფლიოს პირველობაზე ატაცში ჯაბა ტყეშელაშვილმა (102 კგ) – ვერცხლის, გივი დარსაველიძემ (+102 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირზე მოპოვებული შედეგით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე პირველად დაიკავა გუნდური პირველი ადგილი.