საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ აბიტურიენტებს, სამშობლოში სწავლის გაგრძელების ახალი შესაძლებლობები ეძლევათ
ათენის ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით, განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ ბაზაზე „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორის, პროფესორ ლაშა კანდელაკიშვილის საჯარო ლექცია-დისკუსია გაიმართა – თემაზე „საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის“. ღონისძიება ათენის ქართულ ინსტიტუტთან არსებული ბერძნულ-ქართული უნივერსიტეტის, სასაწავლო-შემეცნებითი პროგრამების ფარგლებში განხორციელდა.
ათენის ქართული ინსტიტუტის ინფორმაციით, შეხვედრა განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა საბერძნეთში მცხოვრები ქართველი აბიტურიენტებისთვის, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში გეგმავენ. „ევროპის უნივერსიტეტი“ სურვილს გამოხატავს, წვლილი შეიტანოს ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების საქმეში და წარჩინებულ აბიტურიენტებს საქართველოში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. კონკურსის წესით შერჩეული აბიტურიენტები სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ მიიღონ უმაღლესი განათლება უნივერსიტეტის ნებისმიერ ფაკულტეტზე, ასევე ისარგებლებენ სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში.
რექტორის თქმით, თუ რომელიმე აბიტურიენტი ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლას გადაწყვეტს, უნივერსიტეტი თავად უზრუნველყოფს მათ მომზადებას ინგლისურ ენაში და საჭირო ხარჯებს დაფარავს. ამასთან, აბიტურიენტების ინგლისურ ენაში მომზადება შესაძლებელი იქნება ათენშიც, რის ხარჯებსაც ასევე „ევროპის უნივერსიტეტი“ აანაზღაურებს.
გარდა ამისა, უნივერსიტეტის „კარიერის ცენტრი“ იზრუნებს შემდგომში კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და მათ ქართულ პროფესიულ სივრცეში ინტეგრაციაზე. ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორმა ავთანდილ მიქაბერიძემ სრული მზადყოფნა გამოხატა, პროექტს უსასყიდლოდ დაუთმოს ათენის ქართული ინსტიტუტისა და განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. შეხვედრაზე, მხარეებს შორის, მემორანდუმიც გაფორმდა.
ათენის ქართულ ინსტიტუტსა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“ მრავალწლიანი ურთიერთობა აქვთ უცხოურ და ქართულ უმაღლეს სასწავლებლებთან.
„ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორის ინიციატივა, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი აბიტურიენტებისთვის საქართველოში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემის თაობაზე, ეროვნული მნიშვნელობის ნაბიჯია, რაც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს უცხოეთში მცხოვრები ქართველების სამშობლოში დაბრუნების პროცესში. ეს ინიციატივა ერთგვარ მაგალითად შეიძლება იქცეს სხვა ქართული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის. სხვა უნივერსიტეტების მხრიდან, აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ათენის ქართული ინსტიტუტი სრულ მზაობას გამოხატავს მათთან თანამშრომლობისათვის”, – აღნიშნულია ათენის ქართული ინსტიტუტის განცხადებაში.