სოფია ვერულაშვილი ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის მდივნად აირჩიეს

დღეს კიდევ ერთხელ უნდა გესაუბროთ სოფია ვერულაშვილზეფსიქოლოგი, ქოუჩი, ევროპაში აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი და სუპერვიზორი, (EAGT-ში), იგი გახლავთ, ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცეპრეზიდენტი. სოფია ვერულაშვილი არის ერთადერთი ოჯახური ფსიქოთერაპევტი საქართველოში, ის უძღვება ჯგუფებს ოჯახურ ფსიქოთერაპიაში წამყვან მსოფლიო სპეციალისტებთან ერთად, როგორებიც არიან სტივენ იანგი, რასელ ჰაბერი, ლარს ბროკი, დანიელ მარტინესი, ჯოელ ბერგმანი, სტივ სიმმსი. მას ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის, სუპერვიზორისა და ქოუჩის, ტრენერისა და ლექტორის 25 წლიანი უწყვეტი პრაქტიკა აქვს. სოფია ვერულაშვილიგეშტალთთერაპიის  და ოჯახური ფსიქოთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელია. მუშაობს ინდივიდუალურ, წყვილის, ოჯახის და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში. 2000 წლიდან სოფია კითხულობს ლექციების კურსს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. სოფია უძღვება თერაპიულ და სასწავლო ჯგუფებს, სემინარებს ოჯახურ თერაპიასა და გეშტალტთერაპიაში, საქართველოში, ლიეტუვაში, ლატვიაში, თურქეთში, მოლდოვაში, იტალიაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაშიროგორც უკვე გითხარით, რამდენიმე წლის წინ, სოფია კავკასიაში პირველი ევროპული აკრედიტაციის მქონე სუპერვიზორი გახდა გენშტალთერაპიაში და ახლა ის ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის მდივნად აირჩიეს. „ქართული კვირადაუკავშირდა მას და გაესაუბრა.

– ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაცია 1985 წელს დაფუძნდა და იგი არეგულირებს ტრენინგ სტანდარტებს, თუ როგორ უნდა ასწავლონ გეშტალტთერაპევტებს და გეშტალტთერაპიის სუპერვიზორებს, თუ ჰიპოვიზორებს, როგორ მისცენ აკრედიტაცია, შემდგომი რეაკრედიტაცია და რა პროფესიულ ტრენინგ სტანდარტებს, კვალიფიკაციას და კომპეტენციას აკმაყოფილებდნენ გეშტალტთერაპევტები, სუპერვიზორები თუ გეშტალტქოუჩები. ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაცია მსოფლიოში ყველაზე მსხვილი და დიდი ორგანიზაციაა გეშტალტთერაპიაში, რომელშიც გაერთიანებულია ათიათასობით წევრი, მათ შორის ინდივიდუალურად აკრედიტებული 3000-მდე გეშტალტთერაპევტი და ათიათასობით ორგანიზაციული წევრი მსოფლიოს მასშტაბით.

ამ ორგანიზაციას აქვს მთავარი მმართველობითი ორგანო, აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც 5 წევრისგან შედგება და აქვს ქვეკომიტეტები, ჰყავს პრეზიდენტი და მდივანი. პრეზიდენტი, მდივანი და კომიტეტის ხელმძღვანელები არჩევითი პოზიციები არის. ასოციაციის მდივანი ძალიან დიდი ფიგურაა, იგი მართავს ყველა პროცესს ასოციაციის შიგნით და ასევე გარეთ, პიარის თვალსაზრისით. მდივანი არის ის, ვინც აძლევს ევროპულ აკრედიტაციას და შემდგომ რეაკრედიტაციას ფსიქოთერაპევტებს და სუპერვიზორებს გეშტალტთერაპიაში. ასოციაციის ბოლო მდივანი პოლონელი იყო,  რომელიც თავის უფლებამოსილებას სექტემბერში ასრულებდა და შესაბამისად გამოცხადდა ვაკანსია. ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელმა, რომლებმაც იციან ჩემი ინსტიტუტის, ჩემი საქმიანობის შესახებ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, დამასახელა კანდიდატად, განსაკუთრებით აქტიურობდა იტალიის გეშტალტთერაპიის ინსტიტუტის დირექტორი, მარგჰერიტა სპანოლო ლობბი და როცა ამის შესახებ პირველად მითხრა, სიმართლე გითხრათ, დავიბენი და უარი ვუთხარი და მიზეზად ჩემი ინგლისურის ცოდნის დონე დავუსახელე, თუმცა მან ეს მიზეზი არ მიიღო, რადგან ჩვენ ერთმანეთთან სწორედ ინგლისური ენის საშუალებით ვსაუბრობდით და მითხრა: – ახლა ასოციაციას ცოტა კრიზისული მდგომარეობა აქვს ზედა რგოლის მენეჯმენტის თვალსაზრისით, შენ ხარ ოჯახური ფსიქოთერაპევტი და ის მრავალმხრივ ძლიერი ადამიანი, რომელიც ახლა სჭირდება ასოციაციას, რომ სხვა ეტაპზე და დონეზე აიყვანოს, შენ გაართმევ ამას თავს, შენ ხარ ერთადერთი ვინც იქ უნდა იყოსო…

მარგჰერიტა სპანოლო ლობბი & სოფია ვერულაშვილი

უმაღლესი შეფასებაა პროფესიონალისგან. დათანხმდით მის წინადადებას?

– არა, უარი ვუთხარი, მოვიფიქრებ მეთქი. როგორც გითხარით, ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაცია ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა მსოფლიოში და ძალიან დიდი პასუხისმგებლობას ვგრძნობდი… თუმცა, მარგჰერიტა სპანოლო ლობბიმ დედლაინამდე ერთი დღით ადრე დილის ხუთ საათზე დამირეკა და მითხრა: – სოფია შენს საბუთებს ვერ ვხედავ ვერსად და რაშია საქმეო. მერე მომივიდა შემდეგი შეტყობინება: – მე და სილვია ტოსიმ ( ტოსი გახლდათ ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის ტრენინგ სტანდარტის კომიტეტის თავმჯდომარე და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი) ვილაპარაკეთ და სილვიაც მეთანხმება, რომ შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ასოციაციას სხვა დონეზე აიყვანსო. მე მადლობა გადავუხადე, მაგრამ მაინც ვყოყმანობდი და იცით რა მოხდა? – მეორე დილით, დედლაინის ბოლო დღეს, დიდ თაბახის ფურცელზე მისი დაწერილი სარეკომენდაციო წერილი მომივიდა ბეჭდით… მოკლედ. სხვა გზა არ დამიტოვა უარი რომ მეთქვა. დავთანხმდი.

მაშინვე  მივწერე რამდენიმე ადამიანს, რომ გადავწყვიტე კენჭისყრა აღმასრულებელი კომიტეტის მდივნის თანამდებობაზე და ზუსტად ერთ საათში, ექვსი რეკომენდაცია მომივიდა იტალიის, უკრაინის, ლიეტუვას, ლატვიის საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ინსტიტუტების დირექტორებისგან, ამ დროს ორიც კი საკმარისი იყო. იმ რეკომენდაციების წაკითხვის მერე, კიდევ უფრო განვმტკიცდი ჩემს გადაწყვეტილებაში. მოკლედ გავაგზავნე რეკომენდაციები და cv.

ჩვენი ორგანიზაცია ყოველ წელს სხვადასხვა კონფერენციას მართავს და სამ წელიწადში ერთხელ, რიგითი არჩევნების წინ, მსხვილ კონფერენციას აწყობს ხოლმე პრაქტიკოსებისთვის გეშტალტთერაპიაში. ამჯერად, 21 სექტემბერს, მადრიდში დაიგეგმა დიდი შეხვედრა და წინა დღეს, 20 სექტემბერს, წევრთა გენერალური კრება და საერთო კრება, რომელშიც ყველა კომიტეტი მონაწილეობდა. ეს შეხვედრა და არჩევნები იყო ჰიბრიდული, რადგან ყველამ ვერ მოახერხა ფიზიკურად ჩამოსვლა. პირველ განყოფილებაში ასოციაციის სამწლიანი მუშაობა შეჯამდა (ასოციაციაში ნებისმიერ თანამდებობაზე სამი წლის ვადით ირჩევენ პირს და წელიწადში ორჯერ ისინი ანგარიშვალდებულები არიან წევრების წინაშე და სამ წელიწადში ერთხელ არის გენერალური შეჯამება. ერთ პირს, ერთ ვაკანსიაზე, სამჯერ შეუძლია წამოაყენოს თავისი კანდიდატურა, ანუ სულ ცხრა წელი იმუშაოს). მეორე განყოფილება არჩევნებს დაეთმო. მდივნის არჩევისას მე გამოვედი სიტყვით, ვისაუბრე რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამას ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ახლა ადგას ევროპის გზას, რომ ჩვენ ევროპისკენ ორიენტირებულები ვართ და საერთოდ ვთვლით, რომ პირველი ევროპელები ვართ და ოფიციალურადაც გვინდა ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი. ასევე ვისაუბრე იმაზე,  რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ორგანიზაციას ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ახლა მუშაობს ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის შესახებ კანონზე, იმაზე, თუ როგორც მდივანი მე რისთვის ვიყავი მზად და რას ვაკეთებდი და რის გაკეთებას ვაპირებდი მომავალში. გამოსვლის დასრულებისთანავე გარეთ გამოვედი და შიგნით დარჩენილებმა და ასოციაციის ნამდვილმა წევრებმა, ანუ მათ ვინც ადგილზე იმყოფებოდნენ და მათაც, ვინც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ონლაინ ესწრებოდნენ არჩევნებს, ღია და ფარული კენჭისყრით მიიღეს გადაწყვეტილება. როცა უკან დავბრუნდი მქუხარე ტაშით დამხვდა მთელი დარბაზი და მომილოცეს არჩევა. გაბრწყინებული სახეებით მიყურებდნენ და მეხუტებოდნენ. განსაკუთრებით გახარებული  და ამაყი ქართული დელეგაცია იყო. როგორც გაირკვა თითქმის 99%-მა დამიჭირა მხარი.

ეს არ მარტო ჩემი, არამედ საქართველოს გამარჯვება იყო. წარმოიდგინეთ, იმ დღიდან, ყველა აკრედიტებულ გეშტალტთერსპევტს და სუპერვიზორს,  ქართული ანბანით ხელმოწერილი სერტიფიკატი ეგზავნება მსოფლიოს ყველა კუთხეში.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ, როცა მე გავხდი ასოციაციის მდივანი, იმავე კონფერენციაზე ერთ-ერთი ქართველი – თეა გოგოტიშვილი აირჩიეს ეთიკის  კომიტეტის წევრად. მანამდე, კიდევ ერთი ქართველი – დიმიტრი ნადირაშვილი იყო სამეცნიერო კომიტეტის წევრი და გამოდის რომ ახლა სამი ქართველი ვართ ამ ასოციაციაში.

სოფიო, არჩევნები სექტემბერში ჩატარდა, უკვე 5 თვე გავიდა. როგორი იყო პირველი დღეები ასოციაციაში და რისი გაკეთება შეძელით?

– როგორც უკვე ვთქვი, გარკვეული კრიზისული მდგომარეობა იყო ასოციაციაში, არჩევნების მეორე დღესვე დაიწყო ჩემი აქტივობები, პირველმა შეხვედრამ ბექოფისთან ძალიან კარგად ჩაიარა, პირველი შეხვედრა გაცნობას დავუთმეთ და ეს იყო ძალიან სასიამოვნო ფაქტი. ახლა კვირაში ოთხჯერ ვხვდებით ერთმანეთს ონლაინ, ხშირად ღამის ორ საათამდე მიწევს( რადგან ევროპულ დროსთან სამი საათი გვაქვს სხვაობა) ურთიერთობა, მაგრამ ჩემთვის ეს სასიამოვნო შრომაა, რადგანაც რაღაცას ვაკეთებ ჩემი პროფესიისთვის, თან არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო დონეზე და ამას ვაკეთებ იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც უხარია ჩემთან ურთიერთობა. ნოემბერში, ერთ-ერთი რიგგარეშე არჩევნების შემდეგ, მეცნიერმა, ჩვენმა პროგრამისტმა, ტომას რეისტადმა, რომელიც ძალიან სიტყვაძუნწია და სიტყვით არასდროს გამოდიოდა, ყველას გასაგონად გამოაცხადა რამდენი აკრედიტაცია გავეცით, რა გავაკეთეთ ამ ხნის მანძილზე  და აღნიშნა, რომ ეს ახალი მდივნის დამსახურებაა, ანუ ჩემი, ეს ძალიან დიდი კომპლიმენტია ჩემთვის.

სოფია, როგორც აღნიშნე თავიდან არ გინდოდა არჩევნებში მონაწილეობა  და ფაქტობრივად, მარგჰერიტა სპანოლო ლობბიმგაიძულათ“ ამ ნაბიჯის გადადგმა,  ახლა, როცა ამდენი დრო გავიდა როგორ გრძნობთ თავს?

მასწავლებლები და ზოგადად ასეთი სამაგალითო ხალხი ცხოვრებაში ამისთვის გვჭირდება, რომ საჭირო დროს გვიბიძგონ და მე მას მადლობა ვუთხარი, რომ დაინახა იმაზე მეტი, ვიდრე მე ჩემში ვხედავდი, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ეს ძალიან დიდი შრომაა და ამავდროულად დიდი შვებაცაა, რადგან ვარ იქ, სადაც გეშტალტთერაპიის წამყვანი ფსიქოთერაპიული მოდალობის თანამედროვე სტანდარტები იქმნება,  იქ სადაც მსოფლიო მასშტაბით ყველა მნიშვნელოვანი გეშტალტთერაპიული ინსტიტუცია, ასოციაცია, სტრუქტურა იმართება, ვარ იმ ორგანიზაციაში, რომელიც ამას აკეთებს.

სოფიო, თქვენ გახდით ევროპული ასოციაციის პირველი სუპერვიზორი და ახლა უკვე მდივანი. ამის შემდეგ რამდენმა ქართველმა მიიღო აკრედიტაცია და რამდენი გახდა სუპერვიზორი?

ნოემბერში, თეა გოგოტიშვილს და დიმიტრი ნადირაშვილს მე დავუდასტურე აკრედიტაცია როგორც სუპერვიზორებს და უკვე სამი აკრედიტებული სუპერვიზორი ჰყავს საქართველოს და 100-ზე მეტი აკრედიტებული ქართველი გეშტალტთერაპევტი. ქართული, ეროვნული გეშტალტთერაპია თავის სიტყვას ამბობს ევროპულ და მსოფლიო პროფესიულ თანამეგობრობაში და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული გეშტალტთერაპიული სკოლა მოწოდების სიმაღლეზეა! ჩვენ ამ მხრივ ძალიან ბევრისთვის ვართ  სამაგალითო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები