თბილისის ვოკალისტთა III საერთაშორისო კონკურსი – „OPERA CROWN“ – გაიხსნა

20 ნოემბრიდან – 25 ნოემბრის ჩათვლით ოპერის თეატრში, თბილისის ვოკალისტთა III საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN ჩატარდება.

თბილისის ოპერის სცენაზე, 43 ახალგაზრდა მომღერალი მსოფლიოს 20 ქვეყნიდან (საქართველო, სამხრეთ კორეა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ისრაელი, გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, მოლდოვა, სომხეთი) საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარდგება.

კონკურსანტებს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები: სამეფო ოპერის თეატრის „კოვენტ გარდენი“ კასტინგ დირექტორი პიტერ მარიო კატონა, ვაშინგტონის ნაციონალური ოპერის დირექტორი და სამხატვრო დაგეგმარების ხელმძღვანელი სამუელ გელბერი, ვენის სახელმწიფო ოპერის კასტინგ დირექტორი რობერტ კერნერი, უნგრეთის სახელმწიფო ოპერის გენერალური დირექტორი სილვესტერ ოკოვაჩი, შოტლანდიის ოპერის კასტინგ დირექტორი სარა-ჯეინ დევისი, დრეზდენის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პეტერ თაილერი, გეტებორგის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ჰენინგ რუჰი;  მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდის პრეზიდენტი ოლგა როსტროპოვიჩი; სააგენტო Atelier Musicale International პროდიუსერი და მენეჯერი ვირჯინიო ფედელი; ჟიურის თავმჯდომარეა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე.

20 ნოემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება კენჭისყრა. იმავე დღეს, 19:00 საათზე, კონკურსი საზეიმო გალა კონცერტით გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას წინა კონკურსების ლაურეატები მიიღებენ.

კონკურსი სამი ტურისგან შედგება. კონკურსის I  ტური 21-22 ნოემბერს, II ტური 23 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო დასკვნითი III ტური, ლაურეატების დაჯილდოება და კონკურსის საზეიმო დახურვა 25 ნოემბერს, 18:00 საათზე, შედგება. ფინალისტები მაყურებლების წინაშე წარდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის თანხლებით. დირიჟორი –  ზაზა აზმაიფარაშვილი.

კონკურსის მხარდამჭერები:

  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო,
  • ქ. თბილისის მერია,
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო,
  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,
  • სასტუმრო თბილისი მარიოტი,
  • შატო მუხრანი,
  • გემუანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები