გერმანული გამოცემა „Falstaff “ – „მეღვინეობა-მევენახეობის აკვანი: საუკეთესო ღვინოები საქართველოდან“
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამომცემლობის „Falstaff “ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებში სტატია სათაურით „მეღვინეობა-მევენახეობის აკვანი: საუკეთესო ღვინოები საქართველოდან“ დაიბეჭდა.
სტატიაში საუბარია როგორც ქართული ღვინის კულტურის 8000-წლიან ისტორიაზე, ასევე, გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის სტაბილურად მზარდ გაყიდვებზე, ქვევრის ღვინოებზე და მაღალი ხარისხის ღვინის თანამედროვე ინდუსტრიაზე.
ამასთან ერთად, სტატიაში მოცემულია ინფორმაცია Falstaff-თან თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული ქართული ღვინოების შესახებ. კონკურსის მიზანი საქართველოდან წარდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების შერჩევა და გერმანიის ბაზარზე პოპულარიზაცია იყო. ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინის 150 ნიმუშიდან საუკეთესო 70 ღვინო შეირჩა.