გიგა ოდიკაძე ევროპის ვიცეჩემპიონია, ბაჩუკი შამილიშვილმა ბრინჯაოს 3 მედალი მოიპოვა
ბუქარესტში მიმდინარე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გიგა ოდიკაძემ (61 კგ.) ასპარეზობა დაასრულა.
ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით ატაცში 112 / 115 / 117 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ოდიკაძემ აკვრაში თავი 133 კილოგრამს გაართვა და მე-6 ადგილზე გავიდა, ორჭიდში მოგროვილი 250 კილოგრამით კი მე-5 ადგილი ერგო.
ბუქარესტში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ბაჩუკი შამილიშვილმაც (55 კგ.) დაასრულა.
ძალოსანმა 23 -წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 94 / 99 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
აკვრაში თავი 119 / 123 კილოგრამს გაართვა და კვლავ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგა ორჭიდში მოგროვილი 222 კილოგრამითაც.