ჭაბუკა ჭიღლაძე ევროპის ჩემპიონია
ბათუმმა, Batumi View Apartments-ს ტერიტორიაზე, სტრონგმენის 5 დისციპლინაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ასპარეზობაში 8 ქვეყნის პროფესიონალი ათლეტი მონაწილეობდა. საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მიუხედავად, +105 წონითი კატეგორიაში, 1 ადგილი ქართველმა ათლეტმა ჭაბუკა ჭიღლაძემ დაიკავა.
„ასეთი პრეცედენტი საქართველოში ჩემ კარიერაში პირველად მოხდა. 8 პროფესიონალი სტრონგმენი, 8 სხვადასხვა ქვეყნიდან, საქართველოში ჩამოვიდა და ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტულისთვის იბრძოდა. მე მთელი ჩემი გული, ქვეყნის და ოჯახის სიყვარული ჩავდე, რომ ქართული დროშა ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგარიყო და ეს შევძელი – ევროპის 2023 წლის ჩემპიონი ვარ! იმედი მაქვს ხალხმა ნახა რა არის “სტრონგმენი” და რის გაკეთება გვიწევს ქვეყნიდან შორს, რომ საქართველოში ტიტულებით დავბრუნდეთ! იმედი მაქვს ამ შეჯიბრების შემდეგ ხალხის სიყვარული, ასევე ინტერესიც და დაფასებაც ჩვენს მიმართ გაიზრდება, რადგან ახლა იცით რასთან გვაქვს საქმე. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ყველა გულშემატკივარს და მხარდამჭერს“, – განაცხადა ჭაბუკა ჭიღლაძემ.
ჩემპიონატი საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ფედერაციის ეგიდით, აჭარის უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.