კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები სიენას ჯაზის აკადემიის მიწვევით იტალიაში იმყოფებოდნენ
2023 წლის 19-23 ივნისს კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები, ეთნომუსოლოგები: ოთარ კაპანაძე, დავით შუღლიაშვილი და ნატალია ზუმბაძე იტალიაში იმყოფებოდნენ სიენას ჯაზის აკადემიის მიწვევით. ვიზიტი Erasmus+ პროგრამის თანადაფინანსებით გახდა შესაძლებელი.
ეთნომუსიკოლოგებმა ორი წარმატებული კონცერტი ჩაატარეს 21 ივნისს: ერთი, სოლო პროგრამით სიენას ხელოვნების მუზეუმში, ხოლო მეორე კონცერტი სიენას ფონტე ჯიუსტას ეკლესიაში, ტოსკანას რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო, ქიჯიანას ვოკალურ ანსამბლთან (Chigiana Vocal Ensemble) თანამშრომლობით.
აღნიშნულ ანსამბლთან ერთად ჩვენმა ეთნომუსიკოლოგებმა ქართული ტრადიციული სიმღერები შეასრულეს, რასაც დიდი აპლოდისმენტები და გამოხმაურება მოჰყვა აუდიტორიის მხრიდან. კონცერტის შემდეგ ქიჯიანას ვოკალური ანსამბლის ხელმძღვანელმა კონსერვატორიის პროფესორები ტრადიციული მუსიკის ფესტივალზე მიიწვია.
Erasmus+ მობილობის ფარგლებში სიენაში ასევე იმყოფება კონსერვატორიის ოთხი სტუდენტი: ელენე შავერზაშვილი, ლიკა თუთისანი, გვანცა ჯაფარიძე და სოფიო მუჯარიძე, რომლებიც სტუდენტურ სტაჟირებას გადიან ჯაზის აკადემიაში.
შეგახსენებთ, რომ სიენას ჯაზის აკადემია პირველი უნივერსიტეტი გახლდათ, რომელთანაც 2015 წლიდან თსკ-მ Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის ფარგლებში დაიწყო თანამშრომლობა, ეს პარტნიორობა დღესაც წარმატებულად გრძელდება და ვითარდება.