როგორია საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტის გაცემის წესები

საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს ქვეყანაში ჩამოსვლის გარეშე შეუძლია. ასეთ შემთხვევაში პასპორტის მიღების სამი გზა არსებობს:

  • მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ისინი საქართველოს მოქალაქის პასპორტს გასცემენ განაცხადის შეტანიდან 45 დღის ვადაში. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც მანამდე აღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ან ერთხელ მაინც აქვს გავლილი რეგისტრაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, უფლება აქვს, მიიღოს პასპორტი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე.
  • პასპორტის აღება ასევე შესაძლებელია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. რწმუნებულებით აღჭურვილი პირი შესაბამისი მინდობილობითა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღებისთვის საჭირო სხვა დოკუმენტებით მიმართავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საზოგადოებრივ ცენტრს ან იუსტიციის სახლის ფილიალს. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაიცემა მე-5 ან მე-10 სამუშაო დღეს, შესაბამისი საფასურის მიხედვით. მინდობილობის საფუძველზე პასპორტის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს მიღებული ბიომეტრიული დოკუმენტი და ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება.
  • მესამე გზა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური სერვისია. -საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე განცხადების შევსება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ინტერნეტის საშუალებით,  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ვებ-გვერდზე და განაცხადის შევსებასთან ერთად, განახორციელოს ვიდეოზარი სააგენტოს ოპერატორთან. დისტანციური მომსახურების საშუალებით საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაიცემა ყველა აუცილებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

დისტანციური მომსახურებით სარგებლობისას დაინტერესებულ პირს შეუძლია, აირჩიოს დამზადებული პასპორტის მიღების სასურველი ფორმა: მიიღოს დამზადებული დოკუმენტი საფოსტო მომსახურების მეშვეობით ან განაცხადში დაასახელოს (მისი ნდობით აღჭურვილი) მესამე პირი, რომელიც საქართველოში მიიღებს დამზადებულ დოკუმენტს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს. სამსახურთან დაკავშირება შესაძლებელია ინტერნეტით ან ტელეფონის ნომერზე: +995 322 401 010. დამატებითი ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის პასპორტის დისტანციურად გაცემის შესახებ განთავსებულია ვებ-გვერდებზე: www.sda.gov.ge; www.psh.gov.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები