ბექა ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის გამარჯვებულია
ძიუდოში თელ-ავივის გრანდ სლემის დასკვნით დღეს ბექა ღვინიაშვილმა -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა ბულგარელი, უკრაინელი, მონღოლი და აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსან, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელ უნგრელ კრისტიან ტოტს ორი ვაზარით მოუგო და კვარცხლბეკის პირველი საფეხური დაიკავა.
გრანდ სლემის პირველ დღეს -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა, ბრინჯაოს მედალი კი ლაშა ნადირაძემ.
საქართველოს ნაკრებმა თელ-ავივის გრანდ სლემზე 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.