ქეთევან ციხელაშვილი ქ. გრაცის უნივერსიტეტის რექტორ პეტერ რიდლერს და ვიცერექტორ მირელ ვან პოპელენს შეხვდა
ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შტირიის ფედერალურ მიწაზე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ქ. გრაცის უნივერსიტეტის რექტორ პეტერ რიდლერს და ვიცერექტორ მირელ ვან პოპელენს შეხვდა. თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის არქივში დაცულ უძველეს ქართულ ხელნაწერს და გამოითქვა სურვილი, რომ ქართველ ენათმეცნიერებსა და საზოგადოებას მათი გაცნობის შესაძლებლობა მიეცეს.
აღსანიშნავია, რომ გრაცის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან.
წლების განმავლობაში არაერთ ქართველ სტუდენტს მიეცა ქ. გრაცის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა, მათ შორის “ერასმუს” -ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ ელჩი ქართველ სტუდენტებს შეხვდა და გაესაუბრა.