მევიოლინე ნატო გაბუნია კონსერვატორიაში მასტერკლასს ჩაატარებს

9 იანვარს, 12:00 -დან 16:00 საათამდე, კონსერვატორიაში მასტერკლასს მევიოლინე ნატო გაბუნია ჩაატარებს.

მევიოლინე ნატო გაბუნია დაიბადა თბილისში. ადრეული ასაკიდან მისი პედაგოგი კონსტანტინე ვარდელი გახლდათ, რომლის ხელმძღვანელობითაც პირველი ნაბიჯები გადადგა  მუსიკალური განათლების გზაზე.  უკვე 12 წლის ასაკში უკვე უკრავდა საქართველოს ყველა მთავარ ორკესტრთან ერთად, ასრულებდა მენდელსონის, ლალოს, მოცარტისა და ბრამსის სავიოლინო კონცერტებს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სწავლა ევროპაში განაგრძო.  ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი ამსტერდამში, რომელიც მისთვის და მისი ოჯახისთვის მეორე სახლი გახდა.

აქტიური საკონცერტო გამოსვლებისას სცენაზე გამოდიოდა ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან ნელსონ გოერნერი, ვადიმ რეპინი, მორის ბურგი, ნინო გვეტაძე და მისი მეუღლე – ვუტერ ვოსენი.  სოლო გამოსვლები ჰქონდა ორკესტრებთან ერთად ავსტრიაში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, საქართველოსა და პოლონეთში, ჩაწერილი აქვს მრავალი აუდიო დისკი, აქტიურად უკრავდა სატელევიზიო და რადიო ეთერებში.

ნატო გაბუნიამ წლების განმავლობაში შეიმუშავა ვიოლინოზე დაკვრის სწავლების საკუთარი მეთოდი, რომელიც ეფუძნება რუსული სკოლისა და ევროპული ტრადიციების კომბინაციას.  ლეგენდარულ პედაგოგ ზახარ ბრონთან და ბევრ ევროპელ კოლეგასთან ახლო კონტაქტი დაეხმარა მას პედაგოგიურ გზაზე. ამჟამად სრული დატვირთვით ასწავლის ახალგაზრდა და პერსპექტიულ მევიოლინეებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები