„Bloomberg“-ი: თბილისი – ქალაქი, რომელიც აკავშირებს კულტურას, ხალხს და ისტორიას

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გავლენიან მედია პლატფორმაზე Bloomberg-ი მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში Bloomberg-მა თბილისისა და ბათუმის ტურისტული ადგილების შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და სპეციალური ვიდეო რგოლი მოამზადა.

„თბილისი – ეს არის დედაქალაქი რომელიც კულტურას, ხალხს და ისტორიას აკავშირებს. 21-ე საუკუნეში თბილისის ტრანსფორმაცია მოხდა. ახალი და თამამი არქიტექტურა, დინამიკური ელექტრო მუსიკა და მოდის სცენები, ამ ყველაფრით საქართველომ თანამედროვე კრეატიული მიმართულებით მყარი პოზიცია დაიმკვიდრა“, – წერს Bloomberg-ი. სტატიაში მკითხველი თბილისური ცხოვრების შესახებ ქართველი არტისტების, დიზაინერებისა და ფოტოგრაფების შეხედულებებს გაეცნობა.

Bloomberg-ი სტატიაში საუბრობს საქართველოზე, როგორც მსოფლიოს ყველაზე საინტერესო მოდის მიმართულებაზე და მაგალითად სოხუმში დაბადებული დემნა გვასალია მოჰყავს.

Bloomberg-ი მკითხველს თბილისთან ერთად ბათუმში მოგზაურობასაც ურჩევს და მკითხველს ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ქალაქის შესახებ მოკლე ექსკურსს სთავაზობს.

„ზაფხულში ბათუმი საქართველოს მეორე დედაქალაქი ხდება, ეს არის ქალაქი, რომელიც გამოირჩევა ცოცხალი ხელოვნებით, მუსიკითა და აზიური გავლენით შეზავებული სამზარეულოთი. ბათუმი სრული სიმძლავრით წინ მიიწევს. წელს, ოქტომბერში ბათუმი World Travel Awards“-მა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებად დაასახელა. აქ თქვენ შეხვდებით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ არქაულ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს“,- წერს Bloomberg-ი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორ ვიდეორგოლს და სამ სტატიას ამზადებს.

კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლებსა და სტატიებს ჯამში 6 მილიონზე მეტი მაყურებელი და მკითხველი ეყოლება მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე: დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, ბაჰრეინში, კატარში, ომანსა და ისრაელში. კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები