უტრეხტში მიმდინარე საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში თამთა მაღრაძე მონაწილეობს
ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2022 წლის 22-29 სექტემბერს, ქ. უტრეხტში მიმდინარე ფრანც ლისტის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში, ქართველი პიანისტი, თამთა მაღრაძე მონაწილეობს. კონკურსის შესარჩევი ტურის შემდეგ თამთა ნახევარფინალისტებს შორის მოხვდა და მან, 24 სექტემბერს, 1 საათიანი სოლო კონცერტის არაჩვეულებრივი შესრულებით ადგილობრივი მსმენელი მოხიბლა. მსმენელთა შორის იყვნენ მის გასამხნევებლად მისული ქართული დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, დავით სოლომონია.
თამთა მაღრაძის მორიგი გამოსვლა დღეს, 26 სექტემბერს შედგება, ხოლო ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, მთავარი წარმოდგენა 29 სექტემბერს, ნიდერლანდების ფილარმონიული ორკესტრის თანხლებით გაიმართება.