საქართველოს გუნდმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 8 მედლით დაასრულა

ბანსკა-ბისტრიცას XVI ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებს გუნდური მედალიც შეემატა. წარმატება აქაც ძიუდოისტთა ნაკრებზე მოდის, რომელმაც პირადი პირველობის შემდეგ საკუთარი ძალები გუნდურში მოსინჯა და კვარცხლბეკზე ასვლაც დაიმსახურა.

ჩვენი გუნდი – სანდრო ახლოური, ნინო გულბანი, გიორგი ტაბატაძე, მარიამ ფოცხვერაშვილი, თორნიკე მოსიაშვილი და ნინო ლოლაძე – ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება. ქართველებმა ჯერ დაამარცხეს მოლდავეთის (4:3), შემდეგ კი იტალიის (4:0) ნაკრებები, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს უკრაინასთან ნახევარფინალში (2:4) და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გააგრძელეს. საქართველოს ნაკრებს  გერმანიასთან მოუწია დაპირისპირება და წარმატებასაც მიაღწია.

„საქართველოს დელეგაციამ XVI ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 8 მედლით დაასრულა და რვავე  მედალი ძიუდოისტებმა მოიპოვეს.

ორჯერ გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი. დავით ლომიტაშვილმა (-55 კგ) და გიორგი ტაბატაძემ (+100 კგ) ჩემპიონობით გვასახელეს. გუნდს ბრინჯაოს მედლები  შესძინეს დავით ქარელი, (-60 კგ), თორნიკე მოსიაშვილი (66 კგ), არჩილ მამულაშვილი (-90 კგ) და გიორგი ბადუაშვილი (-100 კგ). ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საქართველოს გოგონათა ნაკრების წარმომადგენელმა ნინო გულბანმა (-70 კგ). პლუს ერთი ბრინჯაოს მედალი კი გუნდურ პირველობაზე მოდის”, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 10 სახეობაში მედლების 120 კომპლექტი გათამაშდა. მათ შორის 7 სახეობაში (ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში) საქართველო 28  სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

ფესტივალში მონაწილეობდა 48 ქვეყნის 2200-მდე სპორტსმენი.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით ორი წლით დაგვიანებით ჩატარდა.

XVII ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს გაისად – 23-29 ივლისს მარიბორი (სლოვენია)უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები