თურქეთში აჰმედ მელაშვილის დაბადების 100 წლის იუბილე აღინიშნა

თურქეთში ქალაქ ინეგოლში და მიმდებარე ქართულ სოფლებში, 1-3 ივლისს, აღინიშნა ცნობილი ქართველი მოღვაწის, თურქეთის ქართველობის განმანათლებლის აჰმედ მელაშვილის დაბადების 100 წლის იუბილე.

ასევე გაიმართა გიორგი კალანდიას წიგნის: “აჰმედ მელაშვილი – ჩვენებურთა ბელადი”, თურქული თარგმნის პრეზენტაცია და მისი ძალიან საინტერესო ფილმის ჩვენება .

რამდენიმე დღიანი ზეიმი ფოლკლორულმა ფესტივალმა დააგვირგვინა.  ადგილობრივმა და საქართველოდან ჩამოსულმა ანსამბლებმა ნამდვილი ცეცხლი დაანთეს სცენაზე.

„აჰმედ მელაშვილმა თავის მოღვაწეობის პერიოდში ბევრი მამულიშვილური საქმე გააკეთა, მათ  შორის იგი  ვეფხისტყაოსნის თურქულად თარგმნაზე მუშაობდა. წლების წინ მისმა ვაჟმა – იბერია მელაშვილმა გადმოგვცა ახმედის ნამუშევარი ვეფხისტყაოსნის  თარგმნილი ტექსტები,  მისივე მინაწერებით შენიშვნების სახით,  სწორედ ამ უნიკალურ ტექსტზე დაყრდნობით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ  დავბეჭდეთ მემორიალური გამოცემა, რომლის პრეზენტაციაც შედგა ჩვენებურებთან. მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს თურქეთში ქართული გენის შენარჩუნება- წარმოჩენისთვის.   მადლობა ჩემს მეგობრებს,  გიორგი ირემაძეს და როზეტა გუჯეჯიანს  აქაური ქართველების გვერდში დგომისა და სამშობლოს უანგარო სიყვარულისთვის.

მადლობა რუსთაველის ეროვნული ფონდის დირექტორს – ჯაბა სამუშიას, თურქეთში საქართველოს ისტორიული დიასპორის გულშემატკივრობისა და  მხარდაჭერისთვის. ასე კეთდება ეროვნული საქმეები…“- განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები