საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადელ ფოტოგრაფებს უმასპინძლა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადიდან მედია პროექტის „Take your seat“-ის ფოტოგრაფებს უმასპინძლა. პრესტური კანადაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.

ტურში მონაწილე ფოტოგრაფებმა მცხეთა, სტეფანწმინდა, გუდაური, ქუთაისი, ზუგდიდი, მესტია, უშგული, ბათუმი, ახალციხე, ვარძია, უდე, ასპინძა, ჭობარეთი, წალკა, წინანდალი, სიღნაღი და თელავი მოინახულეს. გადაიღეს ტურისტულად საინტერესო ადგილები. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველ ფოტო ალბომს Take your seat-ის ვებგვერდზე გაეცნობიან, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია კანადაში.

 „დაიკავეთ თქვენი ადგილი – საერთაშორისო პროექტია. ჩვენ უკვე 14 ქვეყანაში ვიმოგზაურეთ და ახლა საქართველოში ვართ. ჩვენ ამ სკამს რეჟისორის სკამს ვეძახით, რომელიც საშუალებას გაძლევს იყო რეჟისორი, გააკეთო არჩევანი და თავად განკარგო შენი ცხოვრება. საქართველოში ამ სკამით ჩამოვედით და თითქმის მთელი ქვეყანა მოვიარეთ. ინტერნეტით საქართველოს შესახებ ძალიან მაღალი წარმოდგენა შეგვექმნა, თუმცა მას შემდეგ რაც მოვინახულეთ საქართველოს მხარეები და გავიცანით ხალხი დავრწმუნდით, რომ თქვენი ქვეყანა გამორჩეულია კულტურით, სტუმარმასპინძლობით და სითბოთი. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – ამბობს ტურის მონაწილე ფოტოგრაფი რენდი ვანდერსტარენი.

 

საქართველოში გადაღებული ფოტომასალა ქართულ-კანადურ ფოტოალბომისთვის დაიბეჭდება, რომლის გამოცემაც საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები