” დედა სამშობლო ჩვენ მხოლოდ ცისარტყელას ზღაპრიდან ვიცოდით”

ფერეიდნელი ქართველის მოგონებიდან:

„მახსენდება, როგორ გადიოდა ზამთარში მამა 14 კილომეტრს ფეხით ფერეიდანში საბუთებზე, ისინი კი უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, ერთი კვირის შემდეგ მოდი და მაშინ გეტყვით პასუხსო. ასე დაატარებდნენ მთელი ზამთარი, 1972 წლის ივნისი, მოვდივართ მატარებლით, უკვე შემოვედით ჯულფის საზღვარზე. ირანის მატარებლიდან უნდა გადავჯდეთ საბჭოთა კავშირის მატარებელში.

ამ თორმეტი ოჯახიდან არავის წარმოდგენა არ გვქონდა, თუ როგორ დაგვხვდებოდა დედა სამშობლო, ის ხომ ჩვენ მხოლოდ ცისარტყელას ზღაპრიდან ვიცოდით. დიდები გვეუბნებოდნენ, ვინც ცისარტყელას ქვეშ გაძვრება, საქართველოში აღმოჩნდებაო. ჩვენც, ბავშვები, მთელი დღე დაუღალავად მივრბოდით. და აი, მატარებელი ბოლო ბაქანზე გაჩერდა, ჩამოვედით ყველანი, ვხედავთ დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით დგას მეორე მატარებელი და უამრავ ხალხს მოუყრია თავი, ჩვენებმა დაუძახეს, ქართველები ხართო, გვიპასუხეს, კი თქვენიანები ვართ და გელოდებით, სადა ხართ აქამდეო. ჩვენებმა უთხრეს მოვდიოდითო.

ნახევარი საათი ერთმანეთს ვეფერებოდით და ვკოცნიდით. სიხარულისაგან ყველა ტიროდა, მომსვლელიც და დამხვდურიც. ეს რაღაც საოცრება იყო, გვიყურებდნენ სპარსელები და მათაც თვალებზე ცრემლი მოადგათ. და აი, კახეთი, გურჯაანის რაიონი, საქართველოში ვარდობის თვეა. მთელი კახეთი აღმოსავლეთისკენ იყურება, ავტობუსებს ელოდება, რომელმაც მათ ქართველები უნდა ჩამოუყვანოს ირანიდან, გზები გადაკეტილია, მთელი კახეთის მოსახლეობა გარეთ არის გამოსული ვარდებით ხელში. ბავშვები ხელიდან ხელში გადავყავდით და ასე მივდიოდით ფეხით. მე ასეთი ლამაზი საქართველო არ მენახა”.

ვახტანგ ონიკაშვილი

წყარო: ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები