„ჩვენმა მეგობრებმა მთელი საქართველოდან გამოუგზავნეს დახმარება თავის უკრაინელ ძმებს“ – დიმიტრი ბასილაია

გამარჯობა უკრაინიდან!

ჩვენ მივიღეთ დიდი ჰუმანიტარული დახმარება ჩემი მშობლიური საქართველოდან. ის შეაგროვეს საქართველოს მორაგბეთა კლუბების და ეროვნული ნაკრების წევრებმა და რაგბის კავშირმა. ჩვენმა მეგობრებმა მთელი საქართველოდან გამოუგზავნეს დახმარება თავის უკრაინელ ძმებს. კიევის პოლიტექნიკ რაგბის კლუბის წევრები ჩვენთან ერთად შეუდგნენ ამ დახმარების განაწილებას ყველაზე შეჭირვებულთათვის. და ყველანი, ვისაც ვეხმარებით დიდ მადლობას უხდიან საქართველოს ხალხსა და საქართველოს სპორტსმენებს. მადლობა, მეგობრებო, ჩემო ქართველო მორაგბეებო! მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ კეთილ საქმეში.

ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს – წერს ქართველი მორაგბე, კიევში სარაგბო კლუბ პოლიტექნიკის მთავარი მწვრთნელი დიმიტრი ბასილაია. დიმიტრი სამი წელია რაც უკრაინაში ცხოვრობს და მუშაობს.

დიმიტრი ომის დაწყებისთანავე უკრაინელ ხალხს ჯერ დედაქალაქის დაცვაში ეხმარებოდა (პატრულირებას ახროციელებდა) შემდეგ კი, უამრავი ადამიანის უანგაროდ დაპურება აიღო თავის თავზე. ეხმარება ჰუმანიტარული ნივთებითაც და მედიკამენტებით. დიმიტრის კიევში რესტორანი აქვს, სადაც ყოველდღიურად საკვებს ამზადებენ და ასობით ადამიანს უმასპინძლდებიან. მათ შორის ქალაქის დამცველებს, ჯარისკაცებს, ბავშვებსა და მოხუცებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები