“თოვს. თვრამეტი მარტია. ზეგ უნდა დავიბადო” – ოთარ ჭილაძე
ოთარ ჭილაძის ჩანაწერებიდან “ცა მიწიდან იწყება” …
“თოვს. თვრამეტი მარტია. ზეგ უნდა დავიბადო. ფუნიკულიორის პლატო კედელივითაა ჩამოთეთრებული. უკვე ცხრამეტია. ქარია. ცივა. მაგარი სერიოზული ზამთრის დღეა. მოდი და ამის შემდეგ, მართლა მოკითხე ჭკუა მარტს! ხვალ ვიბადები! უჭირს ბუნებას ჩემისთანა გაუგებრობის გაჩენა, თავს ებრძვის, წვალობს… მე კი მესმის ბუნებისა, მაგრამ ჩემი არავის ესმის…” 1997 წელი.
“თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი…
თვრამეტი უკვე გასული წელი
თვრამეტი უკვე გამქრალი ლანდი
და წელზე ახალ მეგობრის ხელი.
თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი,
ერთად ატანა მზისა და თოვლის…
და როგორც ბეწვი და სუნთქვა კატის,
ქუჩაც სავსეა დენთით და თრთოლვით.
თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი…
დრო როგორ გარბის, რა სწრაფად გარბის…
ვიღაცა გიხსნის გულსა და კარტებს…
დროს თითქოს სცივა და სადღაც გარბის…
და შენს კაბაში ირხევა ქალი
და ნაზი ბინდი ედება თვალებს
და სულში ვიღაც ჩურჩულებს: მალე,
დალიე, სანამ სხვა ვინმე დალევს.
და როგორც ღვინო, ან როგორც ბროლი,
ქუჩაც სავსეა თრთოლვით და დენით…
და როგორც ღამე უეცარ სროლით,
ჩემი ცხოვრება შემკრთალა შენით.
და აი, ისიც! გაშლილ აფრებით
მოსულა ვიღაც და გიცდის კართან,
მე კი ჩუმად ვარ და არაფერი
არ შემიძლია სიჩუმის გარდა.
თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი…
თვრამეტი უკვე გასული წელი,
თვრამეტი უკვე გამქრალი ლანდი
და წელზე ახალ მეგობრის ხელი.”