გრიგოლ რობაქიძის წერილი ხარიტონ შავიშვილს – ჟენევა, 1952 წელი
საქართველოს ეროვნული არქივი აქვეყნებს “კვირის დოკუმენტს” კლასიკოსი ქართველი – მწერალი გრიგოლ რობაქიძე ვახშმად და პრობლემური საკითხების განსახილველად ეპატიჟება ხარიტონ შავიშვილს:
„დიდად პატივცემულო ბატონო ხარიტონ! მივიღე თქვენი წერილი.შემოიარეთ.თუ გინდ დღეს საღამოს რასაკვირველია ვახშმად -ვისაუბრებთ ფაქტებით,მშვიდად, უწყინრად – გამოვარკვევთ ყველაფერს! თქვენი მარად პატივმცემელი, გრიგოლ რობაქიძე“. ავტოგრაფი. 1952 წლის 27 თებერვალი.
ხარიტონ შავიშვილი – საქართველოს წარმომადგენელი ერთა ლიგაში 1934 წლამდე, ხოლო შემდეგ – საქართველოს პრესის ბიუროს დამაარსებელი და ხელმძღვანელი – გრიგოლ რობაქიძესთან მეგობრობდა და თანამშრომლობდა. ქართველი დიპლომატი მწერალს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანიიდან შვეიცარიაში გადასვლაში დაეხმარა.დოკუმენტის ელექტრონული ასლი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში. ორიგინალი კი ინახება ჟენევაში, გაეროს ბიბლიოთეკის არქივში.
ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის გრიგოლ რობაქიძის – (ადამიანის, რომელმაც მთელი ცხოვრება ემიგრაციაში გაატარა, საბჭოთა კავშირში მისი შემოქმედება აკრძალული იყო ) ჩანაწერებში ვკითხულობთ: “ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არასა ვთხოვ საქართველოს”